მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში დეპოზიტები უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე სესხები - ივნისის სტატისტიკა

ფული

საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდა სესხების ზრდის ტემპს კვლავ აღემატება. ეროვნული ბანკის 2026 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, ბანკებში განთავსებული დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 22.86% შეადგინა, მაშინ როდესაც სესხების პორტფელის წლიური ზრდა იმავე მეთოდოლოგიით 14.47% იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის ივნისის ბოლოს 73.52 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისში დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 2.13 მილიარდი ლარით, ანუ 2.98%-ით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდამ 3.61% შეადგინა.

დეპოზიტების ზრდის მთავარი ნაწილი მოთხოვნამდე დეპოზიტებზე მოდიოდა. ივნისში მათი მოცულობა თვიურად 1.34 მილიარდი ლარით, ანუ 3.71%-ით გაიზარდა. ვადიანი დეპოზიტების მოცულობა კი 782.71 მილიონი ლარით, ანუ 2.22%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების წლიურ ზრდას ასევე თან ახლავს ლარიზაციის ზრდა. 2026 წლის ივნისის ბოლოს დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.16% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1.21 პროცენტული პუნქტით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდამ 0.87 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა. ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო განაკვეთი 8.90% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.52%.

უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებში კვლავ დომინირებს აშშ დოლარი, რომლის წილიც 77.21%-ს შეადგენს. ევროს წილი კი 20.14%-ია.

რაც შეეხება დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის ივნისის ბოლოს 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების პორტფელი წლიურად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.47%-ით გაიზარდა.

ივნისში სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1.30 მილიარდი ლარით, ანუ 1.75%-ით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.41% შეადგინა.

სესხების ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ დაკრედიტებას ჰქონდა. ივნისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 985.05 მილიონი ლარით, ანუ 2.29%-ით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 311.13 მილიონი ლარით, ანუ 1.00%-ით გაიზარდა.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის ივნისის ბოლოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიმართ ბანკების საკრედიტო პორტფელი ეროვნულ ვალუტაში 11.41 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 21.42 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ამასთან, რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა ივნისში 701.19 მილიონი ლარით, ანუ 1.78%-ით გაიზარდა და თვის ბოლოს 40.11 მილიარდ ლარს მიაღწია.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა ივნისის ბოლოს 58.37% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.31 პროცენტული პუნქტით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი მაჩვენებელი 0.07 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები