მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი მხოლოდ 20%-ია“ – „სომა ქიდსი“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

64490d4fbbec1
სალომე ხიდურელი
26.04.23 22:30
606
ჩვილი ბავშვის ეკომეგობრული სამოსის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი „სომა ქიდს“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, სოფიო ტუაევმა, განუცხადა.

მისი თქმით, ბრენდისთვის საექსპორტო მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან ქართული ბაზრისათვის ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფასი მაღალია, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა კი - დაბალი.

„წარმოების დაწყებამდე „სომა ქიდსმა“ არაერთი კვლევა ჩაატარა ბაზრის შესასწავლად და დადგინდა, რომ ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე მხოლოდ 20%-ია, რადგან საშუალო ხელფასი ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, ჩვენი პროდუქტი კი ამ სეგმენტზე არ არის გათვლილი.

თავიდანვე ვიფიქრეთ, რომ რადგან პროცენტულად მსყიდველობით უნარიანი მყიდველი ნაკლებია, მთავარი აქცენტი ექსპორტზე გაგვეკეთებინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალიან მალე გავიდეთ საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს სოფიო ტუაევი.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ბაზრებია „სომა ქიდსისთვის“ საექსპორტოდ მიმზიდველი, ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დასაწყისისთვის ესტონეთისა და გერმანიის ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ, თუმცა მათი სამოსი საზღვარგარეთ პირველად ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდება.

„სავაჭრო პალატამ კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულებსაც საკუთარი დაფინანსებით ჩინეთის გამოფენაზე წაიყვანდნენ და, საბედნიეროდ, ამ სიაში ბევრი გამოცდილი და წარმატებული ბრენდის გვერდით ჩვენც აღმოვჩნდით. გამოფენაზე ჩვენს პროდუქტს ამ წლის 1-4 ივნისს წარვადგენთ და ეს იქნება ჩვენი პირველი საერთაშორისო გამოჩენა“, - ამბობს სოფიო ტუაევი.

„სომა ქიდსი“ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც დამფუძნებელი BM.GE-სთან ჰყვება, ტექსტილის მიმართულებით 8 წლიანი გამოცდილები დაეხმარათ, საქართველოში პირველად ეწარმოებინათ ჩვილი ბავშვის ეკოლოგიურად სუფთა სამოსი, რომელზეც ქართული ტრადიციული ორნამენტებია ამოქარგული.

„ახლახან დავიწყეთ ჩვილი ბავშვის შიდა ბოდეების, სხვადასხვა აქსესუარის წარმოება, რაც საქართველოში აქამდე არ იყო და პირველები ვართ ამ მიმართულებით. ხშირად აღნიშნავენ, რომ სხვა ქართული ბრენდებიც აწარმოებენ წლებია, მაგალითად 12 წლამდე ბავშვის სამოსს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ რამდენიმე დღის დაბადებული ჩვილი ბავშვის სამოსის წარმოებას განსხვავებული სამედიცინო ცოდნა სჭირდება, რის მიღებაშიც „სომა ქიდსს“ ჩაჩავას კლინიკა დაეხმარა.

ასევე, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეკომეგობრულობაა. წარმოებაში საერთოდ არ ვიყენებთ ცელოფანს, შეფუთვად გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა ხის ყუთი და არ ვიყენებთ არავითარ მავნე დანამატებისგან დამზადებულ ნედლეულს“, - აღნიშნავს სოფიო ტუაევი.

მისი თქმით, სამომავლოდ „სომა ქიდსი“ წარმოების ნარჩენების გადამუშავებაზეც იზრუნებს და მორჩენილი ნედლეულით შინაური ცხოველებისათვის საძილე ტომრებს შეკერავს.

„სომა ქიდსის“ ჩვილი ბავშვის სამოსისა და აქსესუარების შეძენა მათი სოციალური ქსელებისა და ვებსაიტ somakids.ge_ს საშუალებით შეგიძლიათ. ჩვილის შიდა ბოდეს ფასი 50 ლარიდან იწყება და იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები