2025 წლის ბოლოსთვის, საქართველოში მოქმედ კომპანიებს 92.5 მილიარდი ლარის ვალდებულებები ჰქონდა.
ამის შესახებ საქსტატის მიერ არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკიდან ირკვევა.
არაფინანსური კორპორაცია არის იურიდიული პირი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბაზრო საქონლის წარმოება და არაფინანსური მომსახურების გაწევა მოგების მიღების მიზნით. არაფინანსური კორპორაციებში მოიაზრებიან კომპანიები, გარდა საფინანსო სექტორისა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) მაგალითად: სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, სუპერმარკეტების ქსელები, ენერგეტიკული კომპანიები და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 82.1 მილიარდი ლარიდან 92.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 23.8 მილიარდ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 92.5 მლრდ ლარის ვალდებულებებიდან, კომპანიებს 18 მლრდ ლარის (დაახლოებით 19.5%) ვალდებულება აქვთ უცხოურ ვალუტაში, საიდანაც უშუალოდ არარეზიდენტების მიმართ არსებულმა ვალმა 11.2 მლრდ ლარი შეადგინა. [არარეზიდენტები მოიცავს უცხოურ ბანკებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (მაგ. EBRD, IFC), უცხოელ პარტნიორებს/ინვესტორებს და ა.შ.]
საქსტატის ინფორმაციითვე, კომპანიებმა 2025 წელს ვალის მომსახურებაზე (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირის და პროცენტის გადასახადის სახით) 13.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ სესხის პროცენტის ხარჯი 2.1 მილიარდი ლარი იყო.
კომპანიები ფულს მხოლოდ ბანკებისგან არ სესხულობენ - ისინი სესხებს იღებენ როგორც კერძო პირებისგან, ისე სხვა კომპანიებისგან და საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ამ ვალების გასტუმრებაზე (როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის გადასახდელად) შემდეგი თანხები დაიხარჯა: 172 მილიონი ლარი - ფიზიკური პირებისგან აღებული სესხების მომსახურებაზე; 983.2 მილიონი ლარი - სხვა არაფინანსური კომპანიებისგან აღებული სესხების მომსახურებაზე.
ცნობისთვის: არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა 2025 წლის ბოლოსათვის 168.7 მილიარდი ლარი იყო. 2024 წელს აქტივების ზომა 150.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. შარშან კაპიტალის და რეზერვების მოცულობა 76.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

























