საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქართულ და ჩინურ ბანკებს შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების გაღრმავებისა და იუანით ანგარიშსწორების მექანიზმის დანერგვის მიმართულებით. თურნავას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კონკრეტული ჩინური ბანკის შემოსვლის განაცხადი ჯერ არ არის მიღებული, თუმცა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო გადახდების სისტემასთან (CIPS) ინტეგრაციის მიმართულებით. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი ბანკი, რომელიც ჩინურ მფლობელობაშია არის ბაზისბანკი. ამასთან, უკვე არაერთი თვეა ცნობილია, რომ "ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის საკითხს სწავლობს, აგვისტოში კი სებმა მიუთითა, რომ მსგავსი გარიგება მისი განხორციელების შემთხვევაში საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ კონკურენციის მაჩვენებლებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
"კონკრეტული ჩინური ბანკის ახალი განაცხადი ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების გაზრდის მიმართულებით ქართულ ბანკებსა და ჩინურ ბანკებს შორის, ასევე საგადახდო სისტემასთან თანამშრომლობის მიმართულებით, სადაც საქმე ეხება იუანით ანგარიშსწორებას და CIPS გაწევრიანების მიმართულებას,“ - განაცხადა თურნავამ.
CIPS (China’s Cross-Border Interbank Payment System) წარმოადგენს ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს შექმნილ პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია იუანით საერთაშორისო გადახდების გასამარტივებლად. სისტემის მიზანია უზრუნველყოს სწრაფი, უსაფრთხო და ხარჯთეფექტური ტრანზაქციები ჩინურ ვალუტაში როგორც ჩინურ, ისე უცხოურ ბანკებს შორის.
CIPS-სთან თანამშრომლობის საკითხი პირველად ოფიციალურად განიხილეს მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც ნათია თურნავა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CIPS-ის უფროსს, ფუ ჰუანგს შეხვდა. მაშინ ეროვნული ბანკის განცხადებით, სისტემა საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს - კერძოდ, გააუმჯობესებს გადარიცხვების ეფექტიანობას და შეამცირებს ხარჯებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთთან ვაჭრობენ.
CIPS-ის ქსელში 2025 წლის ივნისის მონაცემებით ჩართულია 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 189 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპის 261 და ჩრდილოეთ ამერიკის 34 საბანკო დაწესებულება.




























