მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ დიპლომატიურ პასპორტებზე EU-ს გადაწყვეტილებას ნორვეგიის პარალელური ნაბიჯები მოჰყვება - ნორვეგიის საგარეო უწყება

ნორვეგია

ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე ნორვეგიის პარალელური ნაბიჯები მოჰყვება,- ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოში ნეგატიურ განვითარებებს ეხმაურება.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფიქსირდა ცნობები ფართომასშტაბიან დარღვევებზე. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ეუთო-ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ კი მთავრობის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში.

განცხადების თანახმად, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ნორვეგიამ სხვადასხვა ზომებით უპასუხა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

ნორვეგიის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები შემდეგია:

  • არ არის ახალი პროექტები საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით;
  • შემცირდა საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
  • შეჩერდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა;
  • შემცირდა კონტაქტები პოლიტიკურ დონეზე.

"27 იანვარს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შენგენის ზონაში დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ მოგზაურთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. ნორვეგია განიხილავს პარალელური ნაბიჯების გადადგმას",- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები