მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ეკონომიკურ ზრდას უფრო საოცრების სახე აქვს, ვიდრე რეალური ეკონომიკური განვითარების - ეკონომისტი

გიორგი ხიშტოვანი

„ქართული ეკონომიკური ზრდა მართლაც გასაოცარი ტიპის ზრდა გამოდის, რადგან, ფორმალურ დონეზე, გაუგებარია, საიდან მოდის ის და შესაბამისად, უფრო საოცრების სახე აქვს, ვიდრე რეალური ეკონომიკური განვითარების“ - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს.

II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 მილიარდ 347 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3% შეადგინა.

Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ანალიზში, ეკონომისტი სექტორების მიხედვით ზრდისა და კლების მონაცემებს აფასებს და ძირითად მიგნებებს გვთავაზობს. გიორგი ხიშტოვანი ასკვნის, რომ ეკონომიკის ძირითად სექტორებში - ვაჭრობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კარგ ვარიანტში სტაგნაციაა, ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი კი IT და განათლება იყო.

„ბოლო დროს, ქართული ოცნების მხრიდან ისევ „გასაოცარ ეკონომიკურ ზრდაზეა“ საუბარი.

ამ დროს, ამ საკითხზე სამსჯელოდ ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური მაჩვენებელი გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ ჯეოსტატმა (2025 წლის II კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სექტორების მიხედვით; დეტალები სურათზე).

შესაბამისად, შეგვიძლია, ამ „გასაოცარ ეკონომიკურ ზრდას“ დეტალურად შევხედოთ და ვნახოთ, რა ხდება:

(წინასწარ, პატარა დათქმები: ა) ანალიზისთვის ვიღებ მხოლოდ მსხვილ სექტორებს -კვარტალში ერთ მილიარდზე უფრო მაღალი მოცულობით ბ) 2%-მდე ზრდა/კლებაზე ვამბობ, რომ ზრდა წინა წელთან შედარებით, თითქმის იგივე დონეზეა)

- მშპ მცირდება: სოფლის მეურნეობა (-2,5%), მშენებლობა (-2,6%)

- მშპ თითქმის იგივე დონეზეა წინა წელთან შედარებით: დამმუშავებელი მრეწველობა (+2%), ვაჭრობა (+1,5%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა (+1,7%)

- მშპ იზრდება: ტრანსპორტი და დასაწყობება (+3,1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+37,1%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა (+11,8%), სახელმწიფო მმართველობა (9,1%), განათლება (+28,9%)

ახლა, მოკლედ ძირითადი მიგნებები:

- ეკონომიკის ზომით ტოპ-ხუთი სექტორიდან (თანმიმდევრობის მიხედვით: ვაჭრობა, უძრავი ქონება, დამმუშავებელი მრეწველობა, ICT, მშენებლობა), წინა წელთან შედარებით, ერთი სექტორი არანორმალურად იზრდება (ICT), ერთი მცირდება (მშენებლობა) და დანარჩენი სამი იგივე დონეზეა.

- ეკონომიკური ზრდის მთავარი დრაივერები: ICT, განათლება, საფინანსო სფერო და სახელმწირფო მმართველობა:

  • როგორც უკვე ბევრჯერ დავწერე, ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორის ზრდა არის დიდწილად ქაღალზე ზრდა, რადგან ის სავარაუდოდ ე.წ. საერთაშორისო საწარმოების მიერ ქვეყნის გარედან ქვეყნის გარეთ სერვისების მიწოდებით გენერირდება და შესაბამისად, ამ შემოსავლებს რეალურ ეკონომიკასთან/დასაქმებასთან საერთო ბევრი არაფერი არ აქვს;
  • განათლება black box-ია; კარგ ვარიანტში, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდის ეფექტთან გვაქვს საქმე (მაგრამ ჩემთვის ძალიან უცნაურია, წლიურად, დამატებით, დაახლოებით 5000 უცხოელი სტუდენტის ჩამოსვლა და საქართველოში სწავლის დაწყება, ამ ტემპის ზრდას როგორ იწვევს განათლების სექტორში); ამ სექტორის ასეთი ტემპის ზრდა, მინიმუმ, კითხვებს აჩენს;
  • საფინანსო სექტორის ზრდა, სხვა სექტორების ასე მცირე ზრდის ან კლების პირობებში, უკვე თავისთავად პრობლემას წარმოადგენს; მათ შორის იმიტომ, რომ ის სავარაუდოდ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებიდან და უფრო რისკიანი დაკრედიტებიდან გამომდინარეობს; აგრეთვე, აჩვენებს, რომ მასზე სექტორული გამოწვევები ჯერ არ გადმოსულა;
  • სახელმწიფო მმართველობის ზრდა ნიშნავს ბიუროკრატიის ზრდას, რაც, ადრე თუ გვიან, სხვა სექტორებზე აისახება უარყოფითად.

- ჯამში, სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში სტაგნაცია გვაქვს (ამ დროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორებია ქვეყნის ეკონომიკაში). იდეაში, ამ სტაგნაციის შესახებ უკვე ვიცოდით: წელს ბაზარზე ტრანზაქციების კლების, ბაზრის ზომის მცირე ზრდის და იპოთეკური დაკრედიტების სურათის საფუძველზე.

- პ.ს. რაც ამ ანალიზში არ მოხვდა; ენერგეტიკის მაჩვენებელია შემცირებულია წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით (-7%); ზრდის ტემპის მიხედვით, მესამე ადგილზე არის გართობის კატეგორია (+16%), რაც ადამიანურ ენაზე გემბლინგის სექტორის სწრაფ ზრდაზე მიანიშნებს.

ახლა, მოკლედ, დასკვნები:

- ეკონომიკის ძირითად სექტორებში, კარგ ვარიანტში, გვაქვს სტაგნაცია (ვაჭრობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა);

- ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი (შესაძლოა, მთლიანი ზრდის ნახევარი მაინც), მოდის სექტორებიდან, როგორიცაა IT და განათლება, რომლის ზრდის უკან მდგომი ფაქტორები სარისკო/არამდგრადია (ICT) ან/და საერთოდ უცნობი (განათლება);

- შესაბამისად, რაღაც მხრივ, ქართული ეკონომიკური ზრდა მართლაც გასაოცარი ტიპის ზრდა გამოდის, რადგან, ფორმალურ დონეზე, გაუგებარია, საიდან მოდის ის და შესაბამისად, უფრო საოცრების სახე აქვს, ვიდრე რეალური ეკონომიკური განვითარების“, - წერს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები