მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ფრანგული 11-მილიონიანი ინვესტიციით ნატახტარში საკონდიტრო საწარმო ამოქმედდა

5f55f9d9ee6f0
ვიქტორია მღებრიშვილი
31.08.20 19:00
6219
თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო, რომელიც ნატახტარში მდებარეობს, ოფიციალურად ივნისში ამოქმედდა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანია „ფუდ ალიანსის“ დირექტორმა გია ჯანელიძემ განაცხადა, საწარმო 23,000 მ2 ფართობზეა განლაგებული, საიდანაც განაშენიანების ფართობი 1 700 მ2-ია. კომპანია ამჟამად 50-მდე ადამიანს ასაქმებს და დასაქმებულების 100-მდე გაზრდას გეგმავს. საწარმოს დაგეგმილი წარმადობა ერთ ცვლაში, დაახლოებით, 4.5 ტონაა. საწარმო სატესტო რეჟიმში თებერვლის ბოლოს ამოქმედდა, თუმცა შემდგომ პანდემიის გამო შეჩერდა. ტესტირების რეჟიმი მაისში გაგრძელდა, ხოლო 1 ივნისიდან სერიული წარმოება დაიწყო.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საწარმო ქართველი და ფრანგი ბიზნესმენების ინვესტირებით ამოქმედდა და ჯამურმა ინვესტიციამ 11 მლნ ლარი შეადგინა; ამასთან, კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსების პროექტითაც ისარგებლა.

დღეისთვის, კომპანია, დაახლოებით, 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. ჩამონათვალში არის სხვადასხვა დასახელების და ზომის ევროპული პური, როგორებიცაა ბაგეტი, კაიზერი, რუსტიკი, ცეხვილი. საკონდიტრო ხაზიდან კრუასანი, შტრუდელი, ტვისტი და ა.შ. აგრეთვე, ქართული პროდუქტები ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის ღვეზელი და ა.შ.

„ჩვენი ბიზნესის დაწყების დრო პანდემიას დაემთხვა. ფუნქციონირება ამ პერიოდში ძალიან რთული იყო, რადგან ყველა კომპანია თავისი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობდა და ახალი ურთიერთობების დამყარებისგან ახალ ბიზნესსუბიექტებთან თავს იკავებდა. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა რომ ბაზარზე შემოვსულიყავით“, - ამბობს გია ჯანელიძე.

„ფუდ ალიანსის“ ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი ჰორეკა სექტორზე იყო მიმართული, თუმცა კომპანიას ახალი რეალობის და იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის გაჩერების გამო სასტუმროების უმრავლესობა პრაქტიკულად არ მუშაობს, ახალ დღის წესრიგზე მოუწია მორგება. როგორც გია ჯანელიძე ამბობს, სწორედ ამიტომ მოხდა რითეილის მიმართულებით ფოკუსირება და დღეისთვის „ფუდ ალიანსის“ პროდუქცია უკვე იყიდება "კარფურში", "სპარში", "მაკკაფეების" და "გალფ სთორის" ქსელში. ასევე, მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს.

ბაზარზე სექტორში არსებულ კონკურენციაზე საუბრისას გია ჯანელიძე „ფუდ ალიანსის" უპირატესობებს ასახელებს და ამბობს: „ჩვენი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში, არის ხარისხი. საწარმოში პროდუქტი მზადდება თანამედროვე ევროპულ საწარმოო ხაზებზე. კომპანიაში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები. დანერგვის პროცესშია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა FFCS 22000, რომელიც დღეისათვის ყველაზე მაღალი სტანდარტის მატარებლად ითვლება“.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, მათ გეგმებში გაყიდვების არეალის გაფართოება და უფრო დიდ სეგმენტზე გასვლა შედის. გია ჯანელიძე ამბობს, რომ შესაძლებელია ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანაც, რაც კომპანიისთვის განვითარების მომდევნო ეტაპი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები