მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ინტერნეტსივრცეში ვიდეოებზე ასაკობრივი შეზღუდვის ნიშნები გაჩნდება

5ed7c9db0548e
სალომე მეცხვარიშვილი
03.06.20 20:40
1775
+18, +15, +12 და +7 - ინტერნეტში ვიდეობზე სპეციალური შემზღუდავი ნიშნები გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რა ასაკის ადამიანებისთვის არის დასაშვები ამა თუ იმ ვიდეოს ნახვა.

შესაბამისი მანიშნებლები ქართულ ინტერნეტსივრცეში სექტემბრიდან გაჩნდება. ამ ვალდებულებას ინტერნეტგვერდის მფლობელებს „ბავშვთა უფლებების კოდექსი” უწესებს, რომელიც პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო პირველ სექტემბრამდე გადაიწია.

კონკრეტული რეგულაციები ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააწესა. ცვლილებების მიზანი საფრთხისშემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვების დაცვაა.

დოკუმენტის მიხედვით, ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები, აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ვებ-გვერდზე დაშვება კი უნდა მოხდეს მხოლოდ რეგისტრაციით.

აღსანიშნავია, რომ ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია, განმეორებით ჩადენა კი 3 ათასი ლარით დაჯარიმებას იწვევს:

ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული აბონენტის მოთხოვნით, მისთვის დაბლოკოს (შეზღუდოს წვდომა) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.

დაგეგმილია სპეციალური სიის შედგენა, სადაც ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ინტერნეტგვერდები იქნება შეყვანილი, მშობელს კი ამ გვერდების საკუთარი შვილისთვის დაბლოკვის საშუალება ექნება. ამ ყველაფერს კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გააკონტროლებს. ამა თუ იმ ვებგვერდის გასაჩივრება მშობელსაც შეეძლება - გადაწყვეტილებას კი მარეგულირებელი მიიღებს.

თავად ინტერნეტგვერდების მფლობელებსაც ექნებათ ვალდებულება, კომისიას აცნობონ თავისი ინტერნეტგვერდის მისამართი ასაკობრივი ნიშანდების მითითებით.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ უსაფრთხო ინტერნეტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს გამოწვევაა, თუმცა, აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა ამ საკითხში, რომ საბოლოოდ არასრულწლოვნები ინფორმაციულ ვაკუუმში არ მოექცნენ.

“ყველა ცალკეულ შემთხვევაში(ვებგვერდზე განთავსებული კონტენტის) შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად პროფესიონალების მიერ და უნდა გაიცეს რეკომენდაცია. საკმაოდ ბევრი კეთდება სახელმწიფოს მხრიდანაც ამ მიმართულების მოწესრიგებაზე, მათ შორის სკოლებში, ჯარში, პოლიციაში და ა.შ. თუმცა, თუ არ იქნება მშობლების ჩართულობა და მაშინ ეს ყველაფერი არის წყლის ნაყვა“,- აცხადებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას იწუნებს BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ანზორ მეხრიშვილი.

“ტექნიკურად როგორც ვებგვერდების მფლობელების მიერ, ისე ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან, მგონია, რომ შესრულებადი იქნება. თუმცა, მონიტორინგი და აღსრულება იქნება ძალიან რთული. არ მაქვს ინფორმაცია და არც არსად შემხვედრია, მოხდა თუ არა მაგალითად ვებ-გვერდების მფლობელებთან კომუნიკაცია. მათ იციან თუ არა, რომ მსგავსი რამ აქვთ გასაკეთებელი?!”- აცხადებს
ანზორ მეხრიშვილი.

საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საკითხზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტროც. ევროპელი პარტნიორების მეშვეობით უკვე მომზადებულია კვლევა, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. კვლევის მიხედვით, მოსწავლეები ძირითადად სოციალურ ქსელებს იყენებენ, მათ შორის ყველაზე ხშირად “ფეუსბუკსა” და “ინსტაგრამს”, ასევე გამოკითხულთა 46% ინტერნეტში ერთიდან- სამ საათამდე დროს ატარებს. გამოკითხულთა 67% კი ერთხელ მაინც შეხვედრია ინტერნეტით გაცნობილ პირს. აღნიშნულ კვლევას ეკონომიკის სამინისტრო უსაფრთხო ინტერნეტის ჩამოყალიბებისთვის გამოიყენებს. ასევე დაგეგმილია ბავშვზე ძალადობის კონტენტის მართვისა და ამოღების ონლაინ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის შექმნა.

“აქ საუბარია ჯგუფზე, რომელშიც ჩართული იქნებიან, ფსიქოლოგებიც მათ შორის, რათა განისაზღვროს ისეთი კონტენტი, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურად მავლე ზეგავლენას ახდენდეს ბავშვზე.
არ არის საუბარი მკაცრი რეგულაციების დაწესებაზე, რაიმე კონტენტის დაბლოკვა-შეზღუდვაზე. საუბარია, რომ გვქონდეს ისეთი გარემო, რომ მშობელმა იცოდეს, ვის მიმართოს, როცა რაიმე საფრთხეს იგრძნობს”,- ამბობს ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.

ეკონომიკის სამინისტროს ხედვა უფრო გრძელვადიანი და დეტალური უნდა იყოს. ის მოიაზრებს უშალოდ უსაფრთხო ინტერნეტის მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასაც, რომელიც მათ შორის ინტერნეტ ბულინგისა და საზოგადოებაში, მშობლებსა და მოზარდებში ცნობიერების ამაღლების საკითხებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები