ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ SWIFT-იდან ჩახსნის ხსენება საქართველოს კონტექსტში სამწუხარო რეალობაა და აჩვენებს თუ როგორ დაშორდა ქვეყანა დასავლეთს. ამის მიუხედავად, ფინანსისტს უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერ სანქციის სახით SWIFT-დან ქართული ფინანსური ინსტიტუტები ჩახსნის მოლოდინი არ აქვს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
9 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 32-პუნქტიან დოკუმენტი საქართველოში გაუარესებულ ვითარებას ეხება, სანქციების დაწესებით მოწოდებით გამოდის და კრიზისიდან გამოსვლისთვის "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამას გარდა, არის მოწოდება სხვა შემზღუდავი ზომების მიღებაზეც, როგორებიცაა SWIFT-დან ჩახსნა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც „ქართული ოცნებისთვის“ შემოსავლის წყაროების ჩაკეტვა იქნება. რეზოლუცია 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშებს ეფუძნება.
"SWIFT-ის ხსენება საქართველოს კონტექსტში, სამწუხაროდ, ახალი "სიმაღლეა". სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ სანამ SWIFT-მდე მივა საქმე ჯერ რაღაცა უნდა მოხდეს. არ ველი, რომ ეს რაღაც უახლოეს მომავალში მოხდება და თუ ვინმეს ჩახსნიან SWIFT-დან, ალბათ მხოლოდ "ქართუს" იმიტომ, რომ პირდაპირ ივანიშვილთან არის დაკავშირებული. თუმცა ესეც საკმაოდ მძაფრი ნაბიჯია და არ მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს.
ჯერ კიდევ მისცემენ უფლებას, რომ გამოსწორების ნიშნები იყოს. არ დაგვავიწყდეს რუსეთს როდის ჩაუხსნეს ბანკები. თვეების განმავლობაში რუსეთი უმოწყალოდ ხოცავდა უკრაინელებს, როცა პირველი ბანკები SWIFT-დან ჩაუხსნეს. ასე რომ მართლაც ძალიან მძაფრი და დემარშული ნაბიჯია. თუ ვინმეს კიდევ დარჩა რაღაც ილუზია იმის, რომ "ქართული ოცნება" სინამდვილეში პროდასავლურია და რაღაცა ევროპელებზე უფრო ევროპელია, როგორც თვითონ ამტკიცებენ, მათაც უნდა გაიღვიძონ და დაყნოსონ რეალობა. ნახონ და მიხვდნენ, რომ "ქართული ოცნება" უბრალოდ ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების ჯგუფიდან გამოჰყავს.
რაც შეეხება თავად SWIFT-ს, აქედან თუ ჩაიხსნა რომელიღაც ბანკი, პრინციპში თეორიულად შეუძლია, რომ გააგრძელოს კლიენტების მომსახურება, მაგრამ SWIFT-ი ასწრაფებს, აჩქარებს და აიაფებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციებს და ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი. როცა SWIFT-ი არსებობს ვერ ვგრძნობთ ასე ვთქვათ მის ხეირს, მაგრამ რომ აღარ არ იქნება მაშინ ვგრძნობთ, რამდენად მოუხერხებელია, როცა შენი ბანკი SWIFT-დან გამორთულია.
მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა დაუჯერებელიც კი არის, რომ დღეს ევროპარლამენტში SWIFT-დან ბანკების ჩახსნაზე ქართულ კონტექსტში ლაპარაკობენ. ეს ნიშნავს რამხელა წრე გამოვიარეთ უარყოფითი თვალსაზრისით და რა ორმოში ვართ ჩვენი ურთიერთობის თვალსაზრისით ევროპასთან და ამერიკასთან", - ამბობს ბედინეიშვილი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.




























