მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ მეტალურგიაში ცვლილებებია - "რუსთავის ფოლადს" ახალი მენეჯმენტი ჰყავს

რუსთავის ფოლადი

საქართველოს უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანას - “რუსთავის ფოლადს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს. კომპანიას გასული წლის დეკემბრიდან იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა.

კორიტკო 2023 წლის ივლისამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. აღნიშნული კომპანია Gazprom-ის უმსხვილესი მიმწოდებელი და ფოლადის მილების საწარმოო სიმძლავრეების მიხედვით მსოფლიო სამეულის წევრია.

2022 წლის მარტამდე TMK-ის ძირითადი აქციონერი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი მილიარდერი დმიტრი პუმპიანსკი იყო, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $3.3 მილიარდად არის შეფასებული. თავად TMK აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, პუმპიანსკი ევროკავშირის მიერაც იყო სანქცირებული, თუმცა 26 ივნისს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული სანქციების ანულირება მოახდინა.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, უცვლელია “რუსთავის ფოლადის” მესაკუთრე, რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას Tolanius Beheer BV-ს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის შემადგენლობაში შედის; თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Tolanius Beheer BV-ის ამონაწერი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, უცნობია, მოხდა თუ არა აღნიშნული კომპანიის მესაკუთრის ცვლილება.

თავად “რუსთავის ფოლადი” საკუთარ ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია 2022 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს 322 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება 20.6 მილიონი ლარი იყო. კომპანიის შემოსავლები ძირითადად არმატურის გაყიდვებიდან ფორმირდებოდა, რაც 281 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 37 მილიონი ფოლადის მილების გაყიდვით მიღებული შემოსავალი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება - 314 მილიონ ლარი, მისი ვალდებულებები კი 291 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები