მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართულ ოცნებას” ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს და EU-სთან ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი

“ქართულ ოცნებას” მისი დაპირებებით და კურსით ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება.

"მინისტერიალზე განვიხილეთ მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება, ორივე ქვეყანა მომავალ კვირებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას. საქართველოში უფრო დამთრგუნველი სურათია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის მზარდი დაშინების მიუხედავად.

„ვხედავთ, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ძალას იყენებს. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და განვაგრძობთ ჩვენ მხარდაჭერას", - განაცხადა მან.

დღეს, 14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. EU-ის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებმა საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. კერძოდ, განხილვის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები