"შეიძლება, ქვეყანას სჭირდებოდეს, რომ სხვა ქვეყნის გამოცდილება და ცოდნა შემოიყვანოს",- ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ განაცხადა.
მან მუშახელისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა.
"...[ქვეყანას შეიძლება სჭირდებოდეს], შექმნას და დატოვოს კომპეტენციები აქ, ან სამუშაო ძალის დეფიციტი აღმოფხვრას. სამუშაო ძალის დეფიციტი 2000-იანი წლებიდან ძალიან პოპულარულია სწორედ ამ მიზეზით, რომ ცოდნის დეფიციტია და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას ნაკლებად ძვირი სამუშაო ძალის შემოყვანა აწყობს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება კომპეტენციების და სამუშაო ძალის იმპორტზე", - აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც ბაზარზე ადგილობრივი, ქართველი კადრების დასაქმების გამოწვევა ჩნდება, იმ ნდობის დაკარგვაა, რომელიც დასაქმების მსურველებსა და კომპანიებს შორის უნდა არსებობდეს. მედეა ტაბატაძის შეფასებით, ამას დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისთვის არასათანადო პირობების შექმნის არაერთმა პრეცედენტმა დაუდო საფუძველი.
"IT-ის და ტექნოლოგიების მიმართულებით შესაძლებელია, სასურველი იყოს ახალი ცოდნისა და უნარების შემოტანა, იმიტომ რომ შემდეგ ეს მრავლდება, როდესაც ისინი აქ ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები. ამ თვალსაზრისით უცხოელების შრომითი მიგრაცია საინტერესოა.
საინტერესოა ისიც, რომ ობიექტურად, მართლაც არის სამუშაო ძალის დეფიციტი, მაგრამ ქართულ სამუშაო ძალასა და დამსაქმებელს შორისაც არის ნდობის დეფიციტი. სულ იყო კრიტიკა, რომ [სამუშაო] პირობები არ არის კონკურენტული და ხელსაყრელი. ეს გამოცდილება წლების განმავლობაში დაგროვდა და ახლა მომენტალურად ისმის ხოლმე რეპლიკები “გააუმჯობესონ პირობები და დასაქმდება ხალხიო”, როდესაც ბიზნესი წუხილს გამოხატავს, რომ სამუშაო ძალა არ არის. ეს რეპლიკები მაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამ ორ მხარეს შორის - ქართულ სამუშაო ძალასა და დამსაქმებლებს შორის ნდობა შეირყა. შესაბამისად, ამ ძალას მიეცა რა შესაძლებლობა, გასულიყო ქვეყნის გარეთ, ჩაერთო მიგრციის ფერხულში და გავიდა. ვფიქრობ, არც იმიგრირებული სამუშაო ძალა უჯდებათ იაფი ადგილობრივ კომპანიებს. შეიძლება სხვაობა იყოს, მაგრამ მცირედი. ბევრ ინდუსტრიაში გაუმჯობესდა პირობები, მაგრამ ნდობის ფაქტორი მაინც არის და აღარ საქმდებიან [ქართველები]," - აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.
Insource-ის მმართველმა პარტნიორმა ხაზი გაუსვა ნდობის დაქვეითებაში სტაჟირების პროგრამების როლსაც და აღნიშნა, რომ ამ ნდობას კიდევ უფრო აქრობს პროგრამები, რომლებიც არც მუდმივი დასაქმების გარანტიას იძლევა, არც სათანადო ანაზღაურებას და არც სასურველ სამუშაო აღწერილობას.
ცნობისთვის: IT სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ - „ოცნების“ დეპუტატები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ. კანონპროექტი, რომელიც ორი დღის წინ პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დაარეგისტრირეს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის შემოღებას გულისხმობს. იგი პირველად 3 წლის ვადით გაიცემა, შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება 3 წლის ვადით გაგრძელდეს, არაუმეტეს 12 წლამდე.




























