მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ საზოგადოებას ხშირად უკვირს ჩვენი ღვინის ფასი - "ხომლის მარანი" გამოწვევებზე

ხომლის მარანი

ლეჩხუმში მდებარე მეღვინეობა „ხომლის მარნის“ დამფუძნებელი თამაზ ომანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მენტალური ბარიერი, რომელიც ქართულ პრემიუმ ღვინოს სათანადოდ არ აფასებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღვინო ლონდონის ბუტიკში 800 ფუნტ სტერლინგამდე ფასდება, ადგილობრივ მომხმარებელს ეს მაღალ ფასად ეჩვენება, მაშინ როდესაც მსგავსი ღირებულება ფრანგული ან იტალიური ღვინისთვის მათთვის სრულიად მისაღებია.

„ქართულ საზოგადოებას ხშირად უკვირს ჩვენი პროდუქტის მაღალი ფასი, მაშინ როცა იტალიური და ფრანგული ღვინოები 800–900 დოლარად იყიდება და ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. ეს მენტალიტეტია, რომელიც წლებია არსებობს”, - აცხადებს თამაზ ომანაძე.

როგორც ის ამბობს, საქართველოში „ხომლის მარნის“ ღვინის ფასი 1600 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე მერყეობს, და სავარაუდოდ, მომავალში კიდევ გაიზრდება.

მეღვინეობა საერთაშორისო ბაზარზე უკვე პოზიციონირებს როგორც პრემიუმ ბრენდი. ომანაძის თქმით, ლონდონში მათი ორი ღვინო - „უსახელაური“ და „ცოლიკაური“ ადგილობრივი ცნობილი ბუტიკის დახლებზეა წარმოდგენილი.

„ეს ბუტიკი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. იქ მოხვედრა ბევრი ღვინისთვის საოცნებოა. საჭიროა ძალიან მკაცრი დეგუსტაციის გავლა”, - აღნიშნავს ის.

ამ ეტაპზე კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის ბაზარზე შესასვლელად. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უკვე დაწყებულია გაცნობითი პროცესი.

„ერთ-ერთი ცნობილი ღვინის ექსპერტი, მწერალი და ჟურნალისტი, რომელმაც ლონდონში ჩვენი ღვინო დააგემოვნა, მითხრა რომ ჩემს გაცნობაზე ოცნებობდა და მას სურვილი აქვს, რომ მთლიანად შეისწავლოს ქართული ღვინის დარგი“, - ამბობს თამაზ ომანაძე.

გაყიდვების სტატისტიკის შესახებ საუბრისას, მეღვინე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის გაყიდვების ძირითადი წილი საქართველოს ბაზარზე მოდის, თუმცა უკვე გაფორმებულია საერთაშორისო კონტრაქტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, გაყიდვების წილი შიდა და საექსპორტო მიმართულებებს შორის თანაბრად გადანაწილდება.

„კონტრაქტის ფარგლებში, ერთ-ერთ კომპანიას ჩვენი ღვინო მიაქვს თავისი VIP კლიენტებისთვის, როგორც ელიტარული საჩუქარი. ხელშეკრულება უკვე ძალაშია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნავს მეღვინეობის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, პროდუქტისადმი ინტერესი მუდმივად არსებობდა, გაყიდვებიც სტაბილურია და ღვინო მომხმარებელთა შორის ძირითადად საჩუქრის ფორმით იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები