მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ხორცპროდუქტებს ესპანეთში ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს - ვასილ ბაბლუანი

642184d4ea5d1
სალომე ხიდურელი
27.03.23 23:30
659
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველო-ესპანეთს შორის ვაჭრობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია და $47.3 მილიონს შეადგენს. როგორც ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანადამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება და ამის მიზეზი ესპანეთის ბაზარზე ნიშურ პროდუქტებზე არსებული მოთხოვნაა.

„ვფიქრობ, რამე განსაკუთრებული მიზეზით არ მომხდარა ექსპორტის ზრდა. ეს იყო ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდა და ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელებადია, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში არის ისეთი პროდუქტები, რომელთა ძალიან დიდი მწარმოებელიც ისედაც არის ესპანეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნებში, რომლებიც თავად არიან მწარმოებლები, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს. ესპანეთის ბაზარი ამის ცოცხალი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ის აწარმოებს კონკრეტულ პროდუქტებს, ნიშური პროდუქტების მომხმარებელი მაინც არის და ყიდულობს. საქართველოში, პირობითად, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ხამონისა და რაჭული ლორის წარმოება“, - განმარტავს ვასილ ბაბლუანი.

მისი თქმით, ესპანეთში დავარგებული ხორცპროდუქტების ათობით მილიონი ლარის ბაზარია, რომელიც მზად არის, ქართული ტრადიციული პროდუქტიც აითვისოს.

„ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია დავარგებული ხორცპროდუქტების, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ ახალი პროდუქტების მიღებისაც. ათობით მილიონი ლარის ბაზარია ესპანეთში დავარგებული ხორცპროდუქტების, ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი გასტრონომია ეძებს ახალი ტიპის ისტორიულ, ტრადიციულ პროდუქტს, რომელიც თანამედროვეობაზე იქნება მორგებული, როგორიც შეიძლება იყოს რაჭული ლორი ან სხვა ქართული დავარგებული ხორცპროდუქტი.

სამწუხაროდ, ჯერ რაღაც პრობლემების გამო, საქართველოდან ხორცპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში ვერ ხორციელდება. თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, ეს საკითხი მალე გადაწყდება“, - აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები