ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ქართული აგროპროდუქტი”, უკვე ერთი წელია ბრენდის ახალ ხაზზე, ქართული ტრადიციული სოუსებსა და საწებლებზე, მუშაობს, რომელიც ბაზარზე ოქტომბრიდან “პოპრელის” სახელით გამოჩნდება. ახალი ბრენდის შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე BMG-სთან ნინო ბაშარული, “ქართული აგროპროდუქტის” მარკეტინგის მენეჯერი საუბრობს.
“პოპორელის” შესაქმნელად ჩვენ მოვაწყვეთ ეთნო-კულინარიული ექსპედიცია, მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, ვესაუბრეთ ბებოებს, რომლებმაც მათი ბებოების და დიდი ბებიების რეცეპტები გაგვიზიარეს. ჩავიწერეთ და მოვაგროვეთ მივიწყებული, ბევრისთვის აქამდე გაუგონარი რეცეპტები, თითქმის ყოველი მათგანი საოცარი აღმოჩენა და სიახლე იყო ჩვენთვის.
ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ქართული სოუსები და საწებლები ქართული კულინარიული კულტურის მნიშვნელობის ნაწილია, “პოპორელი” სწორედ ამ რეცეპტების მიხედვით შექმნილი სოუსების და საწებლების კრებულია, რომლითაც ადამიანები ყოველდღე მორთავენ და დაამშვენებენ კერძებს. მინდა აღვნიშნო, რომ პოპორელი ისევ აგრძელებს დიად მოგზაურობას კვლევა - ძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს სრული პოტენციალი არ გამოვლინდება ამ მიმართულებით”, - აღნიშნავს ნინო ბაშარული.
პირველ ეტაპზე, “პოპორელი” 7 სახეობის საწებელს გამოუშვებს: პომიდორი, ტყემალი, შინდი, კივი, წოწოლა, მწვანე და წითელი წიწაკა. წლის ბოლომდე კი ბრენდი 4 ახალი სახეობის: ატმის, სტაფილოს, ისრიმ-მაყვალისა და ალუჩის საწებლებს დაამატებს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული სოუსები, “ქართული აგროპროდუქტის” სხვა პროდუქტებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებსაც აითვისებს.
“მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია აწარმოებს დასალევ ხილ-ბოსტნეულს, "კეთილი და პატიოსანის" ბრენდის ქვეშ. კეთილი და პატიოსანი უკვე იყიდება აშშ-სა და საფრანგეთში, ამიტომაც შესაძლებელია ექსპორტის მიმართულება სწორედ ამ ქვეყნებიდან დავიწყოთ. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 7-11 ოქტომბერს მონაწილეობას მივიღებთ გერმანიაში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში -Anuga 2023, სადაც უცხოელ პარტნიორებს წარვუდგენთ ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქტების სრულ ასორტიმენტს: კეთილი და პატიოსანი (დასალევი ხილ-ბოსტნეული) პოპორელი ( ქართული სოუსი და საწებელი) და მაიმო (ცივი ჩაი და ნექტარი)”, - აცხადებს ნინო ბაშარული.
“ქართული აგროპროდუქტი” წარმოების პროცესში ადგილობრივი წარმოების ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, მათი საწარმო ადგილობრივი ფერმერებისთვის ერთგვარი მოტივაციაა: “ჩვენი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს არსებობა რეგიონში ერთგვარი წამახალისებელია, რადგან ფერმერებს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ, იმისა რომ უფრო მეტი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული მოიყვანონ”.
“პოპრელის” სოუსებისა და საწებლების დაგემოვნება ქართველი მომხმარებლებისთვის ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, საფასო კატეგორია კი ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. “პოპრელის” სოუსების წლიური წარმადობა 1,000,000 ბოთლი იქნება.