მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქართული აგროპროდუქტი“ ქსელურ მარკეტებთან კერძო ეტიკეტირების მიმართულებით თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს|კომპანიის გეგმები

კეთილი და პატიოსანი

კომპანია ქართული აგროპროდუქტი” რომლის პროდუქციაც ბაზარზე ხშირად „პოპორელის“ ან "კეთილი და პატიოსანის” სახელით არის ცნობილი, ამ ეტაპზე “კერძო ეტიკეტირების” მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებას არ გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე არსებული ბიზნესმოდელის ფარგლებში მუშაობას აგრძელებს და კერძო ეტიკეტირების საკითხს ჯერ არ განიხილავს.

ამ ეტაპზე, კერძო ეტიკეტირების საკითხში არ ვიქნებით ჩართული. მერე შევხედავთ, დავაკვირდებით ჯერჯერობით“, - აღნიშნა იოსებ მანჯავიძემ.

კერძო ეტიკეტირება გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქციას სუპერმარკეტის ან აფთიაქის ბრენდითა და შეფუთვით აწარმოებს.

მანჯავიძის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე ძირითადად დისტრიბუციასა და ადგილობრივი პროდუქციის ბაზარზე უფრო ფართო წარმოდგენაზე აკეთებს აქცენტს. მისი განმარტებით, ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ხოლო მთავარ გამოწვევად ქართული წარმოებისთვის მეტი სტიმულის შექმნა რჩება.

„კომისიაზე, რაც იყო ამ ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობაში… ეს ურთიერთობები მაინც ინდივიდუალურია და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის "ქეშბექების" ნაწილს თუ სხვა გადასახადებს, თავად მეწარმეები ფარავენ. [ფასების კომისიაზე] ჩემი ძირითადი თემა იყო, რომ ქართულ ადგილობრივ წარმოებას მეტი სტიმული მიეცეს და მარკეტებში გამოყოფილიყო ცალკე სივრცეები, სადაც ქართული პროდუქცია იქნება განთავსებული“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაშიც აპრობირებულია და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის ეფექტიან ფორმად ითვლება.

ცნობისთვის, „ფასების საპარლამენტო კომისიის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლს, არამედ ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებას, გამჭვირვალობის ზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებას. დოკუმენტის მიხედვით, სწორედ ამ კონტექსტში გრძელვადიან პერიოდში განიხილება კომპანიებისთვის ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდისა და კერძო ეტიკეტირების განვითარების რეკომენდაციები. კომისიის შეფასებით, კერძო ეტიკეტი ხელს უწყობს ფასობრივ კონკურენციას. მაგალითად კი მოყვანილია ნიდერლანდების პრაქტიკა, სადაც FMCG სექტორის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კერძო ეტიკეტის განვითარებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები