მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამი ქსელიდან გამოგვისტუმრეს..." - "ქართული აგროპროდუქტი" მარკეტებთან თანამშრომლობის პრობლემებზე

იოსებ მანჯავიძე

"ქართული აგროპროდუქტის" დამფუძნებელი იოსებ მანჯავიძე პარლამენტში გამართულ "ფასების კომისიის" სხდომაზე მწარმოებლისა და საცალო გაყიდვების ქსელების თანამშრომლობის პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული ბარიერების გამო კომპანიის წარმოება, რომელსაც საზოგადოება "კეთილი და პატიოსანი"-ს და "პოპორელი"-ს სახელით იცნობს, რამდენიმე ქსელმა გაყიდვიდან საერთოდ ამოიღო.

"პირდაპირ გეტყვით, რომ სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს ძალიან ტკბილი სიტყვით, რომ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობები, თქვენი პროდუქცია არ იყიდება იმ რაოდენობით, რომ ჩვენთვის მოგებიანი იყოსო. როცა ჩავყევით დეტალებში და გვქონდა საუბარი, თუ რატომ, მივედით იქამდე, რომ ვუთხარით, გადავიხდით დახლის თანხას, ყველა გადასახადს და წარმოგვადგინეთთქო - უარი გვითხრეს, რადგან დახლების თითქმის 90% გაყიდულია. ახალი კომპანია რომ შევიდეს რომელიმე ქსელში და მოითხოვოს დახლის შეძენა, შეუძლებელია, იმიტომ რომ გაყიდულია. ძირითადი მფლობელები ისევ სადისტრიბუციო კომპანიები არიან.

ჩაკეტილი წრე გამოდის, მივდივართ სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობისთვის, დაახლოებით 10-15 ათასს მაღაზიას ფლობენ და შეუძლიათ რეალიზაცია, იქ უკვე 40-55%-მდე გვიძვირდება ჩვენი პროდუქციის ფასი. არ მივდივართ და ჩვენ თვითონ ვცდილობთ რეალიზებას სუპერმარკეტებში, იქ უბრალოდ არ ვართ წარმოჩენილები იმ დონეზე, რომ პროდუქცია გაიყიდოს. რაოდენობით თუ არ გაიყიდა, გაგვიჭირდება, ბუნებრივია. ვერ ვახდენთ მარკეტინგს, რეკლამასაც კი აზრი არ აქვს, უბრალოდ გადაყრილი თანხებია.

გადახდების ფორმებს რაც შეეხება, წელიწადია, ზოგიერთი ქსელიდან თანხა არ აგვიღია. ამაზე მიდის სულ საუბარი, პროცენტებსაც აღარ შევეხები. მათთვის [ქსელებისთვის] რეგულაციები აუცილებელი იქნება", - განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც "ქართული აგროპროდუქტის" დამფუძნებელმა ისაუბრა, ქსელების მიერ ადგილობრივი პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევის მცდელობაა, თავიანი წარმოების პროდუქციით.

"აკვირდებიან ახალ პროდუქტს, როგორი გაყიდვები აქვს, რამდენად მიიღო მომხმარებელმა და იმ წუთშივე იწყებს იგივე ან მსგავსი პროდუქტის შექმნას თავისი სახელით. ეს პირდაპირი კონკურენტია ჩვენთვის, თავისი ფასი აქვს, თაროს ფულს არ იხდის, პროცენტიც ნაკლები აქვს, შესაბამისად, კონკურენციაში ვერანაირად ვერ შევალთ. იგივე სოუსების და საწებლების მიმართულებითაც. იქ უბრალოდ კონკურენციას აზრი არ აქვს", - ამბობს ის.

იოსებ მანჯავიძემ პარლამენტში "ქართული აგროპროდუქტის" პროდუქტებზე ფასწარმოქმნის პოლიტიკაც განიხილა და დაადასტურა, რომ ფასების შენარჩუნების გამო, წლიდან წლამდე კომპანიას მოგების მარჟა შეუმცირდა.

"რამდენიმე წლის წინ, როცა შევქმენით ეს პროდუქტი დაუბეგრავი მარჟა მერყეობდა 35-40%-ის ფარგლებში, იმიტომ რომ თვითონ პროდუქტი არის აბსოლუტურად ჯანსაღი და არ არის შესათავაზებლად იაფი. ვგულისხმობ კომპანიის მოგებას, თითოეულ პროდუქტზე, საოპერაციო ხარჯების გარეშე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში ეს ნელ-ნელა შეგვიმცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ფასი გავზარდოთ, ჯერჯერობით მაქსიმალურად გვიჭირავს ეს ფასები. ხილი ძვირდება ყოველწლიურად, მეორე კატეგორიის ვაშლის შესყიდვა თუ 20 თეთრად დავიწყეთ, ავიდა წელს 45 თეთრამდე, საიდანაც 10 თეთრი სუბსიდირებულია და ეს, რა თქმა უნდა, დიდი პლუსია ჩვენთვის; მუშახელი ძვირდება თითქმის ყოველ წელიწადში, ორჯერ არის თითქმის გაზრდილი, და ძვირდება შესაფუთი მასალები, რომლებიც ძირითადად არის იმპორტული", - განაცხადა მან.

"ფასების საპარლამენტო კომისია" დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს შეხვდა. სხდომის მთავარი თემა ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის სტრუქტურის ანალიზი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები