მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიოდეგრადირებადი საწრუპების ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში იგეგმება

64885bfdc5552
ნანუკა ნარიმანიძე
18.06.23 20:34
871
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „ბიობამბი“ ქართული ლერწმისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების ექსპორტს წელს კვიპროსსა და ესპანეთში გეგმავს.

კომპანიამ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოება გადაწყვიტა, რის შედეგადაც წლიურად 200 მლნ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირის დამზადებას შეძლებს.
„ბიობამბის“ მმართველი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

„საწარმოს ამუშავების შემდეგ, რამდენიმე ეკომეგობრულ დაწესებულებაში დავიწყებთ პროდუქციის შეტანა. საწრუპი ჩხირები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მოლაპარაკებები დავიწყეთ ქსელურ კომპანიებთან და დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ BRC სტანდარტი აგვეღო, რაც თავის თავში ISO სერტიფიცირებასაც გულისხმობს. სტანდარტის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, პროდუქცია ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში გავიტანოთ.დავიწყეთ სტანდარტიზაციის პროცესი, მიმდინარეობს გაფართოება და ხდება წარმოების სრული ავტომატიზირება. წარმოების მაქსიმალურ ნიშნულს აგვისტოს შუა რიცხვებში მივაღწევთ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ბაზარს სრულად დავაკმაყოფილებთ და ექსპორტზე გავალთ” - დასძინა მან.

გიორგი ჩიქოვანის თქმით, საწრუპები ექსპორტზე სექტემბრიდან გავა.

“თავდაპირველად, პროდუქციას ექსპორტზე სექტემბრიდან გავიტანთ იმ ქვეყნებში, სადაც პლასტმასის საწრუპი ჩხირების გამოყენება მთლიანად აკრძალულია. გვაქვს მოლაპარაკებები კვიპროსთან და ესპანეთთან, ასევე აშშ-სთან, თუმცა იქ აშშ-ის სოფლის განვითარების სააგენტოს ნებართვის აღება დაგვჭირდება, რის შემდეგაც ვაპირებთ ექსპორტს. წელს ვგეგმავთ, რომ ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში დავიწყოთ“, - აღნიშნა მან.

„ბიობამბის“ მმართველი დირექტორის განცხადებით, ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა საწრუპი ჩხირები არა მხოლოდ უსაფრთხოებითა და ხარისხით, არამედ ფასითაც გაუწევს კონკურენციას როგორც პლასტიკის, ისე ქაღალდის საწრუპ ჩხირებს.

ცნობისთვის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანია "ბიობამბის" ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარს შეადგენდა. გაფართოებისა და BRC სტანდარტის დანერგვის შედეგად ჯამურმა ინვესტიციამ 500 000 ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები