მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ბიზნესგარემოსთვის ლოგისტიკის მართვის აუთსორსზე გატანა დაბალი მოგებიანობის გამო გამოწვევაა" - JAY Warehouse

კოკო ფერგიუსონი

"ქართული ბიზნესგარემოსთვის ლოგისტიკის მართვის აუთსორსზე გატანა (3PL სერვისი) ერთგვარი გამოწვევაა დაბალი მოგებიანობის გამო", - ამის შესახებ BMG-სთან JAY Warehouse-ის დამფუძნებელი კოკო ფერგიუსონი აცხადებს. საქართველოში ლოგისტიკური ოპერაციების ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, ლილოში 17,000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობს მართავს.

მისი თქმით, მაშინ, როცა ადგილობრივი ბიზნესმენების მოლოდინი ხშირად 40%-იან მარჟას უკავშირდება, ამ ბაზარზე ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია.

„ვფიქრობ, 3PL-ის ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ იგი არ არის ძალიან მოგებიანი. იცით, ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა 40%-იან მარჟაზე ნაკლებისთვის საწოლიდანაც არ ადგება, 3PL-ში კი მოგება 10% და ნაკლებია. მისი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ყოველ თვე, მუდმივად, ერთი და იგივე მარჟა გექნება. თუმცა, შედარებისას ისე ჩანს, თითქოს არ ღირს. ვფიქრობ, ბოლო 5 წელში დავამტკიცეთ, რომ საიმედოობა ამად ღირს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სერვისების განვითარებაზე ფოკუსირება არ ხდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აძლევთ ჩემნაირ ადამიანებს აქ ოპერირების საშუალებას - ქაღალდზე ეს არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ არის საიმედო და სტაბილური“, - აცხადებს კოკო ფერგიუსონი BMG-სთან.

მისივე შეფასებით, 3PL სერვისის ბაზარზე წარმატების გარანტი ბიზნესში სრულად ინტეგრირებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა.

„ჩვენ ვმართავთ „კარფურის“ ლოგისტიკას, რომელსაც 100-ზე მეტი მაღაზია აქვს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გვაქვს, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული მათ ბიზნესში. ასე რომ, ეს მათთვის მარტივი ნაბიჯი იყო.

ლილოში 17,000 კვადრატულ მეტრს ვამუშავებთ - მშრალი საწყობი, ნედლეული, მრავალმხრივი ოპერაციები. საქმიანობა 5 წლის წინ დავიწყეთ და მას შემდეგ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან ვთანამშრომლობთ, როგორიცაა „სენსეი“ , ასევე მხოლოდ პროგრამულ მომსახურებას ვუწევთ კომპანიებს, მაგალითად „დრესაპს“. ვფიქრობთ, რომ მესამე მხარის ლოგისტიკა საინტერესო ბაზარია. მოთხოვნა იმ კომპანიებისგანაა, რომელთაც საკუთარი ფართის ფლობისა და მშენებლობის „თავის ტკივილი“ არ სურთ. მათ უნდათ მოქნილობა, რათა მარკეტინგზე ფოკუსირდნენ და სანდო პარტნიორთან ითანამშრომლონ“ - ამბობს JAY Warehouse-ის დამფუძნებელი.

მისივე ცნობით, კომპანიამ აღმოსავლეთ აფრიკაში საერთაშორისო პარტნიორების ინვესტიციით 100,000 კვადრატული მეტრის „A კლასის“ საწყობები განავითარა და სურს, საქართველოშიც გააფართოოს სერვისები, როგორც მსხვილი ქართული კომპანიებისთვის, ასევე უცხოური ბრენდებისთვის.

„ჩვენ ვართ კარგი მზა გადაწყვეტა იმ უცხოური ბრენდებისთვის, რომელთაც აქ დამკვიდრება და ორგანული ზრდა სურთ, პირველივე დღეს უზარმაზარი ვალდებულებების აღების გარეშე“ - ამბობს ფერგიუსონი.

რაც შეეხება გაფართოების შესაძლებლობებსა და ღირებულებას, JAY Warehouse-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ თბილისის შემოგარენში მიწის ფასი, კვლავ ხელმისაწვდომია, რაც საწყობის მშენებლობას და მიწის შესყიდვას რენტაბელურს ხდის.

„თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის ფასები კვლავ ზრდადია. ამიტომ, გარკვეული კომპანიებისთვის აზრი აქვს მიწის ყიდვას, შენახვას და საწყობის აშენებას. თუმცა, ბოლო 10 წელიწადში ფასების მასიური ზრდა ვიხილეთ და ვვარაუდობ, რომ ეს ტემპი შენელდება. ევროპაში მიწის ფასები მაღალია, მაგრამ დამატებითი ზრდა - ძალიან მცირე, რის გამოც ფლობის უპირატესობა იკარგება. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შესაძლებელია ბოლო 10-წლიანი სწრაფი ზრდის შემდეგ, ტემპი შენელდეს და ხალხმა ყიდვის ნაცვლად იჯარის ვარიანტებზე დაიწყოს ფიქრი“, - ამბობს კოკო ფერგიუსონი.

Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა 9%-ით გაიზარდა და ₾11.4 მილიარდი შეადგინა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

დღესდღეობით, 1PL ტიპის, ანუ საკუთარი მოხმარებისთვის არსებული საწყობების წილი დაახლოებით, 26%-ია, 2PL ანუ გასაქირევებელი საწყობები კი - 67%. ლოგისტიკის მართვის აუთსორსზე გატანა (3PL სერვისი) კვლავ დაბალ ნიშნულზეა და მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები