მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის ემზადება - გეგმა 10 ფილიალის გახსნაა

6414666b099ee
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.23 01:00
2040

ყავის სახლის ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ ქვეყნის საზღვრის გარეთ 10 ფილიალის გახსნას გეგმავს. Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტანია მერზლა ამბობს, რომ ფრენჩაიზი უკვე ჩაშვებულია და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულია.

„ჩვენ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქსელის განვითარების მიზნით შექმნილი „ერთი ყავის“ ფრენჩაიზი უკვე ჩაშვებულია. მოთხოვნა უკვე არსებობს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, რეკომენდაციას გვაძლევენ ლონდონში „ერთი ყავის” გახსნაზე… მოლაპარაკებები ამ თანამშრომლობაზე დაწყებული გვაქვს. ფრენჩაიზი ფილიალების დისტანციურ მართვას გულისხმობს… საქართველოს რეგიონში ფილიალების მართვის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენი ყავა აქ, ვაკეში, ზუსტად ისეთივე გემრიელია, როგორიც მესტიასა და ბათუმში.

2023 წელს 10 ფრენჩაიზის გაყიდვა გვაქვს დაგეგმილი, თითოეულის ფასი 5 000-დან 7 000 დოლარამდეა. პოტენციურ ქვეყნებში ქართული ბრენდის ფრენჩაიზებს თავად ჩავიტანთ, რადგან ჩვენთვის პარტნიორების წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანია და ამაში ჩვენს მაქსიმალურ რესურსს ჩავდებთ. გვინდა, ქართული ბრენდის, „ერთი ყავის” ხარისხი და მიდგომები ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზე იყოს“, - ამბობს ტანა მერზლა.
მისი პარტნიორი და კომპანიის თანადამფუძნებელი ქსენია მარკოვსკაია კი აღნიშნავს, რომ 2023 წელს მათთვის პრიორიტეტად ხარისხი, ბრენდი და მარკეტინგი რჩება და ასევე ქვეყანაში Specialty ყავის ცნობადობის ამაღლება და ბაზრის განვითარება იქნება.

„პირველი ობიექტის გახსნისას არ ვფიქრობდით იმაზე, რომ წლების შემდეგ ბაზრის განვითარებაზე დავიწყებდით ზრუნვას. ჩვენ მცირე ბიზნესის განვითარების ყველა საფეხური გამოვიარეთ და ახლა ქართული ბრენდის განვითარების გეგმებს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ვსახავთ. საქმე ის არის, რომ ქსელი „ერთი ყავა“ სწრაფად განვითარდა და უკვე ხუთ ფილიალს აერთიანებს. მომავალში ათი ობიექტის გახსნა გვინდა. განვითარების ეს ტემპი პარტნიორობას და ინვესტირებას საჭიროებს“, - აღნიშნავს თანადამფუძნებელი.

ბიზნესპარტნიორები ამბობენ, რომ თუ წელს საზღვარგარეთ ათ ყავის სახლს გავხსნიან, მაშინ ბრუნვა არსებულზე 3-ჯერ მეტი იქნება.

ცნობისთვის: ყავის სახლი „ერთი ყავას“ პირველი ფილიალი 2017 წელს მესტიაში გაიხსნა და პარტნიორებმა Specialty ყავის ცნობადობის ამაღლება პირველადი 10 000 დოლარის ინვესტირებით, სწორედ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან დაიწყეს. დღეს „ერთი ყავა“ მესტიაში, თბილისსა და ბათუმში ხუთი ფილიალით, ₾3.5-მილიონიანი ბრუნვით და თითოეულ ფილიალში წელიწადში მინიმუმ 150 000 ჭიქა გაყიდული ყავით არის წარმოდგენილი, რომელიც დამფუძნებლების თქმით, ყოველ ობიექტში, მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვების მაქსიმუმს აღწევს. ბიზნესპარტნიორები ამ რიცხვებს არ ჯერდებიან და ქართულ ბაზარზე კომპანიის განვითარებასა და Specialty ყავის ცნობადობაზე მუშაობას აგრძელებენ. აღსანიშნია, რომ 2023 წელს ყავის სახლის ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ თბილისში, ერთ სივრცეში ყავის გადამუშავებისა და ბარისტების გადასამზადებლად ტრენინგცენტრის გახსნას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები