მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ჩაი პრაქტიკულად არავინ იცის... გამოფენებზე ჩაის არავინ ეძახის" - ნანა ყირმელაშვილი

ნანა ყირმელაშვილი

ჩაი „ნაგომარის“ წარმომადგენლის ნანა ყირმელაშვილის განცხადებით, ქართული ჩაის სექტორი დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართული ჩაის დაბალი ცნობადობაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

„როდესაც მოლაპარაკებებს იწყებ, პრაქტიკულად არავინ იცის ქართული ჩაი“, - აღნიშნა ყირმელაშვილმა.

მწარმოებლის შეფასებით, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად იაფფასიან, მასობრივ პროდუქციაზეა, თუმცა ქართული ჩაი მათ ამ სეგმენტში კონკურენციას ვერ გაუწევს.

„ექსპორტზე მოთხოვნა არის იაფფასიან პროდუქციაზე, ისევე როგორც ჩვენ შემოგვაქვს იაფფასიანი პროდუქცია. მაგრამ, ჩემი აზრით, ქართული ჩაისგან მასიური პროდუქცია ვერ გამოვა. თუნდაც ყველა გაერთიანდეს და დაბალი ხარისხის პროდუქტი შექმნას, მაინც ვერ დაკმაყოფილდება უწყვეტი მიწოდების მოთხოვნა, თუნდაც ერთ ქვეყანაზე რომ უზრუნველყოთ“, - ამბობს ის.

ყირმელაშვილი მიიჩნევს, რომ სექტორის განვითარების სწორი გზა ნიშური და ექსკლუზიური პროდუქციის შექმნაა, რაც მაღალი ხარისხისა და შესაბამისი შეფუთვის სტანდარტებს მოითხოვს. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პრობლემებია, მათ შორის, ხარისხიანი შესაფუთი მასალების დეფიციტი: „ექსკლუზიურ პროდუქციას სჭირდება მაღალი ხარისხის წარდგენა, თუმცა ელემენტარული შესაფუთი მასალაც კი არ არის, გარდა დაბალი ხარისხის ვარიანტებისა“, - განმარტავს იგი.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოფენებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში ქართული ჩაი პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის ცნობადობას.

„ბევრი გამოფენა ტარდება, ბევრი სპეციალიზებული სივრცეა, სადაც უნდა იყო წარმოდგენილი, მათ შორის ექსპოები, სადაც ქართული ჩაი არ ჩანს. ჩაის არავინ ეძახის“, - აღნიშნავს ყირმელაშვილი.

ადგილობრივ ბაზარზეც გამოწვევებია. მწარმოებელი ამბობს, რომ ქართულ მაღაზიებთან არ თანამშრომლობს რეგულაციების არარსებობისა და გადახდების პრობლემების გამო. შესაბამისად, მისი პროდუქცია ძირითადად ნიშურ კაფე-რესტორნებში იყიდება, ხოლო ექსპორტი მცირე მოცულობით ხორციელდება.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ყირმელაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ჩაის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს: „ეს არის პროდუქტი, რომელსაც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში შეუძლია გახდეს კონკურენტუნარიანი და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჩაის ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 297 ტონა ჩაი, რომლის საერთო ღირებულებამ 673 ათასი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 275 ტონა იყო, ხოლო მიღებული შემოსავალი – 563 ათასი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩაის ექსპორტი ღირებულებაში 19.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში, დაახლოებით 8%-ით.

ქვეყნების მიხედვით, ქართული ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზარი წელს (იანვარი;თებერვალი) თურქეთი იყო, სადაც ექსპორტმა 257 ათასი დოლარი და 60 ტონა შეადგინა. მნიშვნელოვანი წილი უკავია მონღოლეთს, სადაც საქართველოდან 126 ტონა ჩაი გავიდა, 103 ათასი დოლარის ღირებულებით. ასევე, ჩაის ექსპორტი განხორციელდა უზბეკეთში – 85 ათასი დოლარის (6 ტონა), სომხეთში – 73 ათასი დოლარის (25 ტონა) და თურქმენეთში – 29 ათასი დოლარის (21 ტონა) მოცულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები