მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჩაი TManna სექტემბერში ამერიკის სუპერმარკეტებში შესვლას გეგმავს

ჩაი

ქართული ჩაი TMannaამერიკის სუპერმარკეტებში სექტემბერში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „ამალთეას“ დამფუძნებელმა, მანნა აგაიამ განაცხადა.

კომპანია „ამალთეა" ქართული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე ქართულ ჩაის TManna-ს სახელით ყიდის. კომპანია ამერიკის ბაზარზე 11 თვეა გამოჩნდა და მომხმარებელს სამი ტიპის ჩაის, კერძოდ შავ, მწვანე და ველური მოცვის ფოთლების ჩაის სთავაზობს. საწარმოო პროცესი სტარტს ჭიათურაში, კერძოდ სოფელ მანდაეთში, კომპანია Agriculture+-დან იღებს. ადგილზე დაკრეფილი ჩაი კი ამერიკაში ფოთლების სახით იგზავნება და დასრულებულ სახეს იქ იღებს.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, კომპანია „ამალთეა“ შტატ ფლორიდაში რამდენიმე ობიექტითა წარმოდგენილი, რომლებიც ასევე საწყობის ფუნქციასაც ასრულებენ. ამ დროისათვის, ქართული ჩაი ძირითადად ონლაინ რეალიზდება, თუმცა ასევე 6 შტატში, ძირითადად ევროპულ მაღაზიებსა და რესტორნებშია წარმოდგენილი. ამერიკულ ბაზარზე, ქართული ჩაის ღირებულება 5-დან 21 დოლარამდე მერყეობს.

„ჩემი მიზანია, რომ ამერიკელმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგოს, რომ სხვა ძალიან ცნობილი ქვეყნის ჩაისთან ერთად, ქართული ჩაიც თავის კუთვნილ ადგილს იმსახურებს. ჩაის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ მიმდინარეობს. თუმცა, ასევე წარმოდგენილია ნიუ-იორკისა და ფლორიდის ევროპული სუპერმარკეტებში, ასევე ქართულ რესტორნებში. ამჟამად, წელიწადში 5 ტონამდე ჩაის ვაწარმოებთ, თუმცა წარმადობის ზრდა განვითარებასთან ერთად იგეგმება. ბაზარზე შესვლის პირველი თვეები საზოგადოების ინფორმირებაზე ვიყავით ორიენტირებული. ახლა, უკვე ამერიკულ სეგმენტზე გადავედით

ცოტა ხნის წინ, FDA-ის სერტიფიკატი მივიღეთ და ვაწარმოებთ რამდენიმე სავაჭრო ობიექტთან მოლაპარაკებას. მათ შორისაა, ორი მსხვილი ჰიპერმარკეტი, „ტაშკენტი“ და „ნეთქოსტი“, სადაც სექტემბერშია შესვლა დაგეგმილი.

სამომავლო პერსპექტივაში ვგეგმავთ როგორც ჩაის წარმადობის ზრდას, ასევე პროდუქციის გამრავალფეროვნებას. კერძოდ, თაფლის, თხის ქონის, თხის რძისა და სხვადასხვა პროდუქტების დამატებას“,- აცხადებს აგაია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე, Summer Fancy Food 2024-ზე იყო წარმოდგენილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეგიდით. ადგილზე ჩაის დეგუსტაცია და ინფორმაციების გაცვლა მიმდინარეობდა, სადაც აგაის ინფორმაციით, არაერთი დისტრიბუტორის თუ მომხმარებლის ინტერესი დაიმსახურეს.

„ქართულ ჩაის უდიდესი მოწონება ხვდა წილად. შევიძინეთ ახალი მომხმარებლები, ასევე დისტრიბუტორები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შეიტანონ ქართული ჩაი ამერიკულ Tea room - ში. ამასთან, დაგვიკავშირდნენ ბლოგერები და სურვილი აქვთ ჩვენი ჩაის შესახებ ინფორმაციები და სურათები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ.

დაინტერესება იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ამერიკაში Tea Room -ები აქვთ. ქართული ბიო, ხელით მოკრეფილმა ჩაის გემომ ჩინელები და იაპონელები აღაფრთოვანა, რითაც უზომოდ ამაყი ვარ. გაფართოებაზე ვფიქრობ კანადაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ოღონდ ჯერ ამერიკაა დასაპყრობი“,- ამბობს ქართული ჩაის კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები