აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მოპოვებული ქართულ დიორიტი ექსპორტზე გავა - საერთაშორისო ბაზარზე Colliers MMS წარადგენს.
ამის შესახებ BMG-ის კომპანია Colliers Georgia MMS-ის მმართველმა პარტნიორმა მაია ზავრაშვილმა განუცხადა.
დიორიტი ძვირფასი მოსაპირკეთებელი ქვა და სამშენებლო მასალაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი მედეგობით, სიმკვრივით და დაბალი რადიაციის მაჩვენებლით.
დიორიტის წარმოებას საქართველოში კომპანია „უჩხო“ ახორციელებს. საბადო ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და როგორც BMG-ის მაია ზავრაშვილმა უთხრა, მის განვითარებაში - საკარიერე და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაში - უკვე ჩაიდო 10 მილიონამდე ლარის ინვესტიცია.
„შპს „უჩხოს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია საქართველოს ბუნებრივი ქვების წარმოებაში მნიშვნელოვანია. დიორიტი აქამდე ადგილობრივად არ წარმოებულა, რაც მას ახალ პროდუქტად აქცევს როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებისთვის. მისი მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ველით, რომ ის სწრაფად მოიპოვებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულება,“ - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა, „კოლიერს მმს“-ის მმართველმა პარტნიორმა.
„კოლიერს მმს“, ბუნებრივი რესურსების კონსალტინგის ფარგლებში, აქტიურად აფართოებს საექსპორტო მასალების პორტფელს. კომპანია აცხადებენ, რომ დიორიტის საერთაშორისო პოტენციალი და ქართული ბაზრის მზარდი ინტერესები მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ რესურსად აქცევს, რაც ქვეყანას ბუნებრივი მასალების ექსპორტის კუთხით ახალ შესაძლებლობებს უქმნის.
ცნობისთვის: საქართველოდან მოსაპირკეთებელი ქვების ექსპორტი Colliers MMS-ისა და Zodi ჯგუფის თანამშრომლობით 2023 წელს დაიწყო. დღემდე, მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვების სახეობებიდან ექსპორტზე კომერციული მოცულობებით მოსაპირკექთებელი კირქვა (limestone) გადის, რასაც 2025 წლიდან ქართული დიორიტი შეემატება.




























