მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული დიზაინსტუდია SHRE-ს ინოვაციური სანათი საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებული გახდა

შრე

"შრე სტუდიოს" (SHRE Studio) სადებიუტო დიზაინპროდუქტი, Moono სლაიდური სანათი, მსოფლიოში განათების დიზაინის პრესტიჟული კონკურსის, LIT Lighting Design Award 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქართველი დიზაინერის ინოვაციური პროდუქტი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტ ნამუშევარს შორის შეირჩა. თუ რა კრიტერიუმით გამოარჩია ქართული სანათი ჟიურიმ - ამის შესახებ BM.GE "შრე სტუდიოს" თანადამფუძნებელსა და პროექტის მენეჯერს, ცოტნე მაზმანიშვილს ესაუბრა.

"ეს პროდუქტი როცა შევქმენით, ჯერ დიზაინი მოვიფიქრეთ, შემდეგ დავამზადეთ ერთი პროტოტიპი, შემდეგ - მეორე. ვეძებეთ, ძალიან ბევრი ვიკვლიეთ, მსგავსი რამე თუ არსებობდა აქამდე და მივხვდით, რომ უნიკალური დიზაინის პროდუქტი შევქმენით. სანათის მთავარი დიზაინერი და ავტორი ჩემი ძმა, ივა მაზმანიშვილია, რომელიც ჩვენი სტუდიის მთავარი დიზაინერი და არქიტექტორი არის და ის მთელი ორი წლის განმავლობაში არკვევდა, არსებობდა თუ არა მსგავსი პროდუქტი სადმე.

როცა მივხვდით, რომ ეს პროდუქტი თავისი შინაარსით, ვიზუალით თუ ფუნქციურად იყო უნიკალური, გადავწყვიტეთ, რომ ის შეიძლებოდა საკონკურსო ნამუშევარი ყოფილიყო და არა უბრალოდ კარგი დიზაინის მქონე ნამუშევარი რადგან რაღაც ახალთან გვქონდა საქმე. ზუსტად ამ მოტივაციით გავგზავნეთ კონკურსზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან იღებდა ნამუშევრებს. 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია ფუნქციურობა, ინოვაციურობა და ახალი სიტყვა ბაზარზე, ანუ ის უნიკალურობა, რაც გამოარჩევს ამ პროდუქტს და რის გამოც შეიძლება, რომ მიენიჭოს წლის საუკეთესო სანათის სტატუსი კონკრეტულად ჩამოსაკიდებელი სანათის კატეგორიაში", - განმარტავს ცოტნე მაზმანიშვილი.

კითხვაზე, რა ხდის სანათს, სახელწოდებით Moono ინოვაციურსა და უნიკალურს, "შრე სტუდიოს" დამფუძნებელი მის დიზაინსა და ფუნქციურობას უსვამს ხაზს.

"ისეთი დიზაინპროდუქტი მოვიფიქრეთ, რომლის დიზაინის შეცვლა მასთან ურთიერთობით, მასთან შეხებით შეგიძლია. სანათი ორი დამოუკიდებელი ელემენტისგან, ზედა და ქვედა მასიური ხის ნაწილებისგან შედგება; და ამ ორი ხის ერთმანეთში გასრიალების შედეგად, განათებას უცვლი დიზაინს. ფაქტობრივად, როგორც კი გაწევ ამ სანათს, ეცვლება დიზაინიც და ამავდროულად ეცვლება განათებაც, ფუნქციურადაც სხვა სანათი ხდება. ეს აძლევს მას უნიკალურობას.

ერთი მხრივ, შეგიძლია უფრო მბჟუტავი, მყუდრო განათება გქონდეს, თუ დახურავ ამ სანათს, ხოლო, როგორც კი მას გახსნი და გაშლი, განათების დონე იმატებს. ფაქტობრივად, შევქმენით მექანიკური დაბნელება (ე.წ. დიმინგი) რომელსაც განათებასთან ინტერაქციაში შეყავხარ. ეს აღმოჩნდა ის მთავარი განმასხვავებელი და უნიკალური თვისება, რამაც ყურადღება მიიქცია და გამარჯვება მოგვიტანა", - ამბობს "შრეს" თანადამფუძნებელი.

დიზაინსტუდია სანათს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს უახლოეს მომავალში შესთავაზებს. როგორც ცოტნე მაზმანიშვილი გვიყვება, პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება პრემიუმ საფასო კატეგორიის შოურუმებში, საფასო კატეგორია კი ადგილობრივი ბაზრისთვის შედარებით ხელმისაწვდომი იქნება.

"სანათი ძალიან მალე გამოვა და როგორც ჩვენი სტუდიიდან, ასევე თბილისში, პრემიალური საფასო კატეგორიის შოურუმებიდან გაიყიდება, როდესაც რომელიმესთან ექსკლუზიურად შევთანხმდებით. ბევრ მაღაზიაში არ იქნება წარმოდგენილი, რადგან სანათი, თავისი ხარისხითა და შინაარსით პრემიალურია.

გვაქვს ორი ზომის სანათი. 111-სანტიმეტრიანი, 3800 ლარი ეღირება, ხოლო 88-სანტიმეტრიანი - 3500 ლარი. საერთაშორისო ბაზარზეც ეღირება იგივე, ოღონდ შეიცვლება ვალუტა (შესაბამისად, 3500 დოლარი), რადგან ქართული ბაზრისთვის ვაკეთებთ ერთგვარ შეღავათს, იქიდან გამომდინარე რომ გვესმის, ქვეყნის ეკონომიკა იმ დონეზე არ არის, რომ მომხმარებელმა 3800 დოლარი სანათში გადაიხადოს, თუმცა საერთაშორისო ბაზრისთვის ეს ფასი იქნება", - ამბობს ცოტნე მაზმანიშვილი.

როგორც "შრე სტუდიოს" დამფუძნებელი გვიხსნის, გათვლა მასობრივ, თუმცა პრემიუმ წარმოებაზეა და გუნდს შესაძლებლობა აქვს, თვის განმავლობაში 100-150 ასეთი სანათი აწარმოოს, თუმცა საწარმოო ხაზის გაუმჯობესების შემთხვევაში, ამ რაოდენობის გაორმაგებაც შეიძლება.

"შრე სტუდია" ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მომსახურებას ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, მშენებლობისა და რემონტის მიმართულებით სთავაზობს. პროდუქტის დიზაინზე მუშაობა "შრე სტუდიოს" გუნდმა ორი წლის წინ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები