დუბაიში ქართული რესტორანი „ქართული“ გაიხსნა. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელმა, მარიამ შევარდნაძემ BM.GE-სთან განაცხადა, დუბაიში არაერთი ქართული რესტორანი ფუნქციონირებს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ქართველის გაკეთებული. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი კომერციულ გათვლებზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, მათი მიზანი მომხმარებლებისთვის ავთენტური გემოების შეთავაზება და სახლურ გარემოში მასპინძლობა გახდა.
შევარდნაძის თქმით, თავდაპირველად, სანამ რესტორანი გაიხსნებოდა, პარტნიორთან ერთად მიტანის სერვისი შექმნა, სადაც გორიდან 5 მზარეული დაასაქმეს. იმისდა მიუხედავად, რომ ბაზარზე მცირე მენიუთი ოპერირებდნენ, მცირე ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი გაფართოებაც.
მისივე ცნობით, ერთი კვირის წინ რესტორანი „ქართული“ გახსნეს, რომელიც დუბაის ცენტრში, „ბურჯ-ხალიფასთან“ და "დუბაი მოლთან" ახლოს მდებარეობს. რესტორანში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ქართული, სახლური გემოები დააგემოვნოს.
„თითქმის ყველაფერი, რაც რესტორანშია განთავსებული, მათ შორის ვინტაჟური ჭურჭელი, საქართველოდან გვაქვს ჩამოტანილი. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანმა, რომელიც ჩვენს რესტორანში შემოვა, თავი მე-19 საუკუნის სახლში იგრძნოს.
სულ ერთი კვირაა გავიხსენით, თუმცა მომხმარებლებს ჩვენი კერძები და ინტერიერი ძალიან მოსწონთ. ვიტყვი, რომ რესტორანში ქართული სული ტრიალებს. იქიდან გამომდინარე, რომ რესტორანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, კერძების ღირებულება საშუალო კატეგორიისაა.
რესტორნის გახსნასთან ერთად, კადრების დამატებაც მოგვიწია. იმისდა მიუხედავად, რომ ისინი სხვა ეროვნების არიან, შეფი და მზარეულები ქართველები არიან,“- აცხადებს შევარდნაძე.
რესტორნის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ დუბაიში ბიზნესის კეთება ძალიან რთულია, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მაღალი კლასის რესტორნებს კონკურენციას სერვისის ხარისხით ვერ გაუწევდნენ, სახლური კონცეფცია და გემრიელი კერძები, მათთვის საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. თუმცა, ამ ეტაპზე რესტორნის მოსაწყობად საჭირო ინვესტიცია არ სახელდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რესტორანი საკუთარი კონცეფციის ქსელის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სინგაპურში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შექმნას გეგმავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი კონცეფცია ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს.