მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია“ - ოთარ შარიქაძე

ოთარ შარიქაძე

„თიბისი კაპიტალის“ დირექტორი bm.ge-სთან კაპიტალის ბაზრის ტენდენციებს აფასებს. როგორც ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ზრდა ფიქსირდება.

მისი განმარტებით, გასული წელს, ემისიების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარი იყო, ჯამში ბაზარმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამასთან, მზარდია ინტერესი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც ბაზრის სამომავლო განვითარების, მათ შორის აქციების ემისიის პერსპექტივებს აჩენს.

ოთარ შარიქაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბაზარზე გამოშვებული 630 მილიონი ლარის ობლიგაციებიდან, დაახლოებით 400 მილიონის ემისიაში უშუალოდ „თიბისი კაპიტალი“ მონაწილეობდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო წილი დაახლოებით 59%-ს შეადგენს.

„შარშან ემისიების მოცულობა მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენდა, ბაზარმა კი 3 მილიარდს მიაღწია, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა. მიუხედავად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია. ინვესტორების ბაზაც მუდმივად იზრდება და ქართველ ინვესტორებთან ერთად, მატულობს უცხოელების რაოდენობაც, რომლებიც მზად არიან ქართულ ფასიან ქაღალდებსა და კომპანიებში ინვესტიციები განახორციელონ“, - აღნიშნავს ოთარ შარიქაძე.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორის შეფასებით, აქ მიწოდების ნაკლებობა ფიქსირდება, რისი მთავარი მიზეზიც ინვესტორთა ქცევაა. მოთხოვნა ბევრად აღემატება არსებულ მიწოდებას.

„მეორადი ბაზრის მიმართულებით გარკვეული ნაკლებობა შეინიშნება, რაც ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ ინვესტორები ამჯობინებენ ფასიანი ქაღალდების შენარჩუნებას ვადის ამოწურვამდე. მიუხედავად იმისა, რომ მეორადი ბაზარი არსებობს და გასხვისების შესაძლებლობაც არის, დღეს მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას“, - აცხადებს შარიქაძე.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც კაპიტალის ბაზარზე უახლოეს მომავალში ელიან, აქციების ემისიის მიმართულების გააქტიურებაა. ოთარ შარიქაძეს მიაჩნია, რომ ქართული კომპანიები მზად არიან, ბაზარზე არა მხოლოდ სასესხო, არამედ კაპიტალის ტიპის ფასიანი ქაღალდებით გამოვიდნენ.

„ვფიქრობ, ბაზარს აქვს პოტენციალი, განავითაროს არა მხოლოდ სასესხო ფასიანი ქაღალდები, არამედ აქციების ემისიაც. რეგიონში ამის პრეცედენტები უკვე არსებობს. მაგალითად, „თიბისი კაპიტალი“ ჩართული იყო აზერბაიჯანში ერთ-ერთი ბანკის ადგილობრივ IPO-ში, სადაც დავინახეთ, რომ მსგავსი ფასიანი ქაღალდების გამოშვება სავსებით შესაძლებელია და ინვესტორთა მხრიდან ინტერესი ნამდვილად არსებობს.

ვფიქრობ, ქართული კომპანიებიც შეძლებენ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებას და ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც ბაზარზე გამოვა არა მარტო სასესხო, არამედ კაპიტალის ტიპის ფასიანი ქაღალდებიც.“ - ამბობს "თიბისი კაპიტალის" დირექტორი.

პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე კაპიტალის ბაზარზე კიდევ არაერთი მსხვილი განთავსება იგეგმება, რაც ბაზრის აქტივობასა და მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები