მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ფაზლ-თამაში Base2, რომელიც მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლებს ასწავლის, აშშ-ში გასასვლელად ემზადება

64511ed5324c5
სალომე ხიდურელი
02.05.23 23:00
752
ქართულმა დეველოპერულმა სტუდია FrozenFang-მა მობილური ფაზლ-თამაშის Base2-ის განახლებული ვერსია, რამდენიმე დღეა გამოუშვა. როგორც სტუდიის თანადამფუძნებელი ზაალ ჯანიკაშვილი BM.GE-სთან ჰყვება, თამაშის მიზანი მოთამაშეებისათვის პროგრამირების საფუძვლების სწავლებაა და პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ახალი ვერსია წარმატებით იტესტება.

„მე თვითონ ვასწავლიდი პროგრამირებას, თან გეიმერიც ვარ და ვიფიქრე, გაგვეკეთებინა თამაში, რომლითაც ადამიანები პროგრამირების საფუძვლების სწავლას შეძლებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის პროცესში ყველაზე რთული დაწყებაა, ვიფიქრე, ამ თამაშით მომხმარებლებს ამ პრობლემას გადავუჭრიდით.

შევიკრიბეთ გუნდი, მოვიგეთ GITA-ს 15 000 ლარიანი გრანტი და გავუშვით თამაში, რომელიც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან რაღაცები სწორად ვერ გავთვალეთ. შემდეგ ეს თამაში წარვადგინეთ ესტონეთში, თამაშის დეველოპერების სამიტზე და გამოცდილი დეველოპერებისგან მივიღეთ უკუკავშირი. ამის შემდეგ შევქმენით ახალი ვერსია Base2-ის, რომელიც რამდენიმე დღეა, ხელმისაწვდომი გახდა“, - ამბობს ზაალ ჯანიკაშვილი.

როგორც სტუდიის თანადამფუძნებელი ჰყვება, თამაშის შექმნის პროცესში განათლების სამინისტროსგან უფლებაც მოიპოვეს, სკოლის მოსწავლეებისათვის პროგრამირების საწყისები სწორედ Base2-ის დახმარებით ესწავლებინათ.

„მოვიპოვეთ უფლება, რომ შევსულიყავით სკოლებში, ჩაგვეტარებინა ლექცია პროგრამირების თემაზე და ჩვენი თამაშით გვესწავლებინა პროგრამირების საფუძვლები მოზარდებისთვის IX-XII კლასებში. ასეთი ლექცია ერთხელ უკვე ჩავატარეთ და ვაპირებთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ ეს საქმე.

სხვათა შორის, ყველაზე დიდი უკუკავშირი სწორედ სკოლის მოსწავლეებისგან წამოვიდა. 30 ბავშვიდან, დაახლოებით, 85%-მა თამაში ბოლომდე ითამაშა და ტურებში დახმარების გარეშე გადავიდა“, - ამბობს ჯანიკაშვილი.

მისი განმარტებით, Base2 მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით თამაშს ყოველ 2 კვირაში განაახლებს. მომავალ განახლებას კი დაემატება მუსიკა და აღმოიფხვრება ხარვეზები, ე.წ. bug-ები.

„ჩვენი სეგმენტია ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ფაზლ-თამაშები. მათ ვთავაზობთ სრულიად ახალ, უნიკალურ ფაზლებს, რომლებიც რეალურ პრობლემებზეა დაფუძნებული. ასევე ჩვენი სეგმენტია პროგრამირების ენთუზიაზისტები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პროგრამირება დაიწყონ, მაგრამ პირველ ნაბიჯებს ვერ დგამენ“, - აღნიშნავს თამაშის ერთ-ერთი შემქმნელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზაალ ჯანიკაშვილი აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში, სტუდია დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობს. თამაშის განვითარებასთან ერთად კი უცხოური ბაზრების, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების ათვისებას აპირებენ.

„ჩვენი დემო ვერსიის შექმნას 4 თვემდე მოვუნდით და ეს ყველაფერი ჩვენი ხარჯებით მოხდა, რადგან ჯერ შემოსავალი არ გვაქვს. დავტესტეთ, რამდენად იმუშავებდა ჩვენი თამაში და ამის მიხედვით ვიწყებთ ინვესტორის მოძიებას. GITA-ს პროექტშიც ვიღებთ მონაწილეობას და იმედი გვაქვს, 150 000 ლარიან დაფინანსებას მოვიპოვებთ. ამ 3-4 თვეში თამაშის 6 ტური გავაკეთეთ. რომლის სათამაშო დროც, დაახლოებით, 15 წუთია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ხანგრძლივობა 3-4 საათზე მაინც ავიდეს, რასაც დაახლოებით 1 წლიანი მუშაობა დასჭირდება. ამ დროის მანძილზე გუნდის წევრებს უფასოდ ვერ ვამუშავებთ.

გარდა ამისა, ძალიან მალე ვაპირებთ, რომ ამერიკაში დავარეკლამოთ თამაში, რადგან ფაზლ-თამაშების ყველაზე დიდი ბაზარი სწორედ ამ ქვეყანაშია. დემო ვერსიის ტესტირებისთვის 100 000 გადმოწერა არ გვჭირდება, 1000-ც კი საკმარისია, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რამდენად მოსწონთ ჩვენი თამაში და ამ ფიდბექის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას“, - ამბობს ჯანიკაშვილი.

Base2-ის დახვეწაზე სტუდია FrozenFang-ის სამი დამფუძნებელი მუშაობს. თამაშის გადმოწერა უკვე შეგიძლიათ Android და IOS სისტემებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები