ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი FoxPrep.ai, რომელიც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებასა და მაღალი ქულის მიღებაში ეხმარება, Google for Startups-ის აქსელერატორის პროგრამაში - Google for Startups Accelerator: AI First - 13 სხვა კომპანიასთან ერთად შეირჩა - ამის შესახებ BM.GE-ს FoxPrep-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე ფხოველიშვილი ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ქართული სტარტაპის აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობისთვის Google-მა შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, თურქეთის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 430 კომპანიას შორის შეარჩია.
"აქსელერატორი შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ამ სტარტაპებს ზრდისკენ მიმავალ გზაზე, უზრუნველყოს ყოვლისმომცველი მენტორობა, ტექნიკური ტრენინგი და რესურსები, რომლებიც ორიენტირებულია პროდუქტის განვითარებაზე, ბიზნესსტრატეგიასა და პასუხისმგებლიან ტექნოლოგიაზე", - ვკითხულობთ Google for Startups-ის ვებგვერდზე.
"Google-ის აქსელერატორში მოხვედრა ჩვენი გუნდისა და პროდუქტისთვის უმნიშვნელოვანესი ვალიდაციაა, რაც ზრდის ჩვენს სანდოობას როგორც მომხმარებლების, ისე პოტენციური ბიზნესპარტნიორების თვალში. პროგრამა გვაძლევს პირდაპირ წვდომას Google-ის რესურსებთან და 70-მდე ექსპერტთან, რომელთაგანაც მუდმივად ვიღებთ ღირებულ რჩევებს. ამასთან, ფიზიკური შეხვედრები დოჰასა და დუბაიში გვიხსნის გზას საერთაშორისო ინვესტორებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო ზრდისთვის.
ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატარა ყურადღებაც რომელიც ჩვენი ბაზრისკენ შეგვიძლია მოვმართოთ, რადგან ამით მთლიანი ეკოსისტემის მიმართ იზრდება დაინტერესება. ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს ყურადღება FoxPrep-ის გრძელვადიან წარმატებად ვაქციოთ", - ამბობს თორნიკე ფხოველიშვილი.
FoxPrep.ai ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი პლატფორმაა, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამას, ამ დროისთვის, 3 საგანში აერთიანებს. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, აბიტურიენტებსა და რეპეტიტორებს, თვეში 15 ლარის სანაცვლოდ, წვდომა ეხსნებათ ულიმიტო რაოდენობის სავარჯიშოებზე, ღია და დახურულ კითხვებსა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაგენერირებულ ანალიტიკაზე, რომელიც მოსწავლეს მიუთითებს, რა საკითხებში სჭირდება ცოდნის გაუმჯობესება.
FoxPrep-ის თანადამფუძნებელს სტარტაპის შექმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ვესაუბრეთ. როგორც თორნიკე ფხოველიშვილი აღნიშნავს, საგამოცდო პლატფორმის ჩამოყალიბების დროს გამოწვევებს ტექნიკური სახე ჰქონდა.
"რამდენიმე ძირითად გამოწვევას გამოვყოფდი: პირველი გამოწვევა კონტენტის ხარისხია, რადგან ეროვნული გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა. ჩვენ უნდა შეგვექმნა კითხვების ბაზა, რომელიც სტილისტიკურად, შინაარსობრივად და ენობრივად იქნებოდა ეროვნულ გამოცდებში არსებული კითხვების მსგავსი. კითხვების შექმნის პროცესი მრავალსაფეხურიანია, რათა მაქსიმალურად გამოვრიცხოთ შეცდომები. ამ პროცესში LLM-ი გვეხმარება, თუმცა მისი ქართული ენის არასრულყოფილად ცოდნა ჯერ ისევ გამოწვევაა ჩვენთვის; ამასთან, მეორე პრობლემად უნდა აღინიშნოს დროის სიმწირე, რადგან გარდა იმის რომ ბევრი საგანია, ასევე გვაქვს მრავალი ახალი ფუნქციის იდეა, რომელთა დამატებაც დროს მოითხოვს", - აღნიშნავს FoxPrep-ის თანადამფუძნებელი.
FoxPrep.ai მიმდინარე წლის მაისში დამფუძნებელთა პირადი ინვესტიციით შეიქმნა. წინასაგამოცდო პერიოდში პლატფორმას 2 000-ზე მეტი რეგისტრირებული, მათ შორის 400-მდე პრემიუმ მომხმარებელი ჰყავდა. გასულ თვეში გუნდმა FoxPrep-ის განახლებული ვერსიაც ჩაუშვა, რომელმაც რამდენიმე დღეში 800 მომხმარებელი მოიზიდა.
როგორ მუშაობს FoxPrep.ai - პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს მაღალი ქულის აღებაში ეხმარება




























