„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ - ამ გზავნილით მევენახეები, მეღვინეები - მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები 13 დეკემბერს 17:00 სთ-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდუსტრიის წარმომადგენლები ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას და მათი კოლეგების, ოჯახის წევრებისა და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების დევნას და არაადამიანურ მოპყრობას გააპროტესტებენ.
„სასტიკად ვგმობთ ჩვენი კოლეგების და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას თავიანთი სამოქალაქო პოზიციის გამო.
ვაპროტესტებთ რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ პოლიტიკას, რომლის შედეგად საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ეს კი, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, ისე - ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და თვითმყოფად კულტურას უქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს.
ქართულმა ღვინომ, როგორც ათასწლეულების წინ, კვლავ უნდა გაიკვალოს გზა თავის ცივილიზაციურ გარემოში - ევროპულ ოჯახში!“ - წერია განცხადებაში.