მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინის განვითარებისთვის, რუსული ბაზრებისგან დისტანცირებაა საჭირო" -„გოცირიძის მეღვინეობა“

გოცირიძის მეღვინეობა

ქართული ღვინის განვითარებისთვის და შესაბამისი სტატუსის დასამკვიდრებლად საჭიროა რუსული ბაზრებისგან დისტანცირება და დასავლურ ბაზრებისკენ ორიენტაცია. ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობის „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

ბიომეღვინეობა ბაზარზე „გოცირიძის მეღვინეობის“ ბრენდის ქვეშ ორი წელია ოპერირებს და 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, ვარდისფერი საფერავი და ასევე, ფრანგული ჯიშის ღვინო, კაბერნე სოვინიონი.

მისი ინფორმაციით, რუსეთი უკიდურესად არასტაბილური და პოლიტიზებული ბაზარია. ამასთან, არ არის ხარისხზე ორიენტირებული, ეს კი ღვინის ხარისხის ნიველირებას ახდენს.

„რუსეთის ბაზრის არასტაბილურობა და პოლიტიზირება იმდენად სახიფათოა, რომ მხოლოდ მცირე მეწარმე კი არა, დიდი ქარხანაც კი, რომელიც რუსეთში ექსპორტის განსახორციელებლად დიდ ინვესტიციას დებს, შესაძლოა ერთ დღეს რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ ზარალზე აღმოჩნდეს.თუმცა, ამის პარალელურად, დასავლური ბაზრები მოთხოვნებს აწესებს.

ამ ეტაპზე, ჩვენ მცირე წარმოება გვაქვს და წელიწადში, დაახლოებით 3000-5000 ბოთლს ვაწარმოებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბიო წარმოება გვაქვს, ხელოვნურად მოსავალს არ ვზრდით, რადგან მისი ხარისხი არ დავაგდოთ. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდება და მისი ღირებულება 35 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს,“- აცხადებს გოცირიძე.

მისივე ცნობით, საწარმო კახეთში, სოფელ ართანაში მდებარეობს, ხოლო ვენახები ართანასა და წინანდალშია გაშენებული. პროდუქციის საწარმოებლად კი, წელიწადში 80-მდე ადგილობრივის დაქირავება უწევთ.

როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს, მეღვინეობა ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამასთან, საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ექსპორტზე გასვლაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობაში წელს, პირველად წარმოებაში ორი ახალი ღვინის სახეობა მანავის მწვანე და ქისი დაამატეს. ამასთან, ძალიან დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული ვარდისფერ და ქარვისფერ ღვინოებზე, რომელზეც საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზეც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია.

ინფორმაციისთვის, “გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ვენახებს თელავის რაიონის სოფელ ართანასა და წინანდალში. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. კომპანია 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, და ვარდისფერი საფერავი და ასევე, მათ შორის ფრანგულ ღვინოს, კაბერნე სოვინიონს. წელიწადში, წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000 ბოთლამდეა. საწარმოს სრულად მოწყობაში კი, მეღვინეობამ დაახლოებით 80000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები