მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“-„გოცირიძის მეღვინეობა“

გოცირიძის მეღვინეობა

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“,-ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობა „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თუ ქართული ღვინის დამზადება ყველა საჭირო სტანდარტით მოხდება და ასევე სწორი მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება, ის მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს გაუწევს კონკურენციას.

გოცირიძის განმარტებით, ქართული ღვინო შეიძლება მოცულობით ფრანგული ან იტალიური ღვინოს კონკურენციას ვერ უწევდეს, თუმცა მას მსოფლიოში ნიშა აქვს, 8000-წლოვანი ქვევრის ღვინის ისტორიით.

„ამ ეტაპზე ბიო სერტიფიკატი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ძალიან მცირე წარმოება გვაქვს, ხოლო ბიო სტატუსის სერტიფიკატის მიღება რამდენიმე ათას ევროსთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.

გასული წელი ძალიან მძიმე იყო, რადგან ვენახები დაისეტყვა. მაღალი ტენიანობის გამო კი ჭრაქმა და ნაცარმა ვენახები მნიშვნელოვნად დააზარალა. ეს განსაკუთრებით ეტყობათ ვენახებს, რომლებიც ბიო წარმოებისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ვენახების ძლიერი შხამქიმიკატებით შეწამვლა არ ხდება, შესაბამისად ვენახი უფრო მოწყვლადია. გასულ წელს, თეთრი ღვინის მოსავალი ამ დაავადებებმა ფაქტობრივად მესამედამდე დაიყვანა,ხოლო წითელი ღვინის მოსავალი უფრო მეტად შევინარჩუნეთ.

რაც შეეხება ფასებს, ვცდილობთ, რომ იგივე ფასი შევინარჩუნოთ. 2023 წლის მოსავალი ჯერ არ ჩამოგვისხავს, იქიდან გამომდინარე, რომ ღვინოს თავისი ციკლი აქვს და ერთი წელი ვაჩერებთ, შესაბამისად მის ფასზე ჯერჯერობით ეს არ ასახულა. თუმცა, როცა ყველაფერზე ფასი იზრდება, ბუნებრივია, რომ აღნიშნული ღვინოზეც იმოქმედებს.

მიმდინარე წელს, უკვე აქტიურად ვგეგმავთ საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ამასთან სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაც იგეგმება. პირველ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის 10-15% ექსპორტზე გავა, ხოლო დანარჩენი პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაღაზიებსა და ბარებში მოხდება,“-აცხადებს გოცირიძე.

მისივე ცნობით, ქართული ღვინო ხარისხზე უნდა იყოს ორიენტირებული, სუბსიდია ღვინის ხარისხს არ ავითარებს და პირიქით, დაბლა სწევს. რადგან, როდესაც ფერმერმა იცის, რომ ყურძნის ხარისხისდა მიუხედავად, 1 კილოგრამ ყურძენზე ის გარკვეულ თანხას მიიღებს, ფერმერი რაოდენობაზე ხდება ორიენტირებული და არა ხარისხზე.

ინფორმაციისთვის, “გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ვენახებს თელავის რაიონის სოფელ ართანაში 3 ჰა ვენახს და წინანდალში 2 ჰა ვენახს. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. კომპანია 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, და ვარდისფერი საფერავი და ასევე, მათ შორის ფრანგულ ღვინოს, კაბერნე სოვინიონს. წელიწადში, წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000 ბოთლამდეა. საწარმოს მოსაწყობად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 20000 ლარის ღირებულების საწარმოო დანადგარები მიიღეს და ასევე საწარმოს სრულად მოსაწყობად, 80000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები