„წელს გვინდა, რომ საექსპორტო ბაზრებს მივუკაკუნოთ, - ამის შესახებ „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წელს გვინდა, რომ საექსპორტო ბაზრებს მივუკაკუნოთ. გვინდა პირველი მცდელობა გვქონდეს წელს. არსებობს გარკვეული კონკურსები საქართველოში, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციები მართავენ, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით, გაყვანის მცდელობები ქართველი მეწარმეების და ვეცდებით, წელს ვცადოთ, რა გამოვა შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მოცულობას, გოცირიძის შეფასებით, იმაში, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო იყიდება, ცუდი არაფერია, თუმცა საუბარი იმაზეა, რომ რუსეთი ერთი მხრივ არის უკიდურესად პოლიტიზირებულია, და ნებისმიერ დროს, როცა საქართველოზე ზემოქმედება დასჭირდება, ამ ბერკეტს გამოიყენებს.
„არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ვფიქრობ და ვამბობ, რომ ამ ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ. აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია. კერძოდ, რუსეთში შესაძლებელია ქრთამის მიცემის გზით დაბალხარისხიანი ღვინის შეტანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთში კარგი ღვინო არ იყიდება, უბრალოდ ქართული ღვინო იქ იმ ნიშას ვერ დაიკავებს, რა ნიშაც ქართულ მეღვინეობას შეუძლია“, - განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, “გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ვენახებს თელავის რაიონის სოფელ ართანასა და წინანდალში. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. კომპანია 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, და ვარდისფერი საფერავი და ასევე, მათ შორის ფრანგულ ღვინოს, კაბერნე სოვინიონს. წელიწადში, წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000 ბოთლამდეა. საწარმოს სრულად მოწყობაში კი, მეღვინეობამ დაახლოებით 80000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.