გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ათკაციანი ჯგუფის წევრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
"გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. საქართველოში ჩამოვიყვანეთ როგორც ღვინოზე სპეციალიზებული, ასევე ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. გვყავს ინფლუენსერები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და გამომწერებს საქართველოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევენ. ვიზიტის დროს, ვნახეთ ბევრი რამ უშუალოდ ღვინის საწარმოებს მიღმაც - ყოველდღიურობა და ქართული კულტურა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვისაც. მეღვინეობები მართლაც საოცარია, შესანიშნავია ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულო“, - აღნიშნა ff.k Public Relations-ის კონსულტანტმა, სვენია მეირინგმა.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანიაში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2021 წლიდან მართლაც მზარდი იყო 2025 წლამდე. წელს, პირველ რვა თვეში გერმანიაში ღვინის ექსპორტის კლება ფიქსირდება. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში 3,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 790 ტონა ღვინო გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 894 ტონა.
რაც შეეხება 2020-2024 წლების ჯამურ მაჩვენებლებს, შემდეგნაირად გამოიყურება:
2020 – 2,5 მლნ აშშ დოლარი - 529 ტონა
2021 – 3,1 მლნ აშშ დოლარი - 623 ტონა
2022 – 3,2 მლნ აშშ დოლარი - 809 ტონა
2023 – 4,6 მლნ აშშ დოლარი - 991 ტონა
2024 – 5,8 მლნ აშშ დოლარი - 1285 ტონა




























