მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინო აინტერესებთ,  გასტრონომია ნაკლებად - გვიღირს თუ არა ინდოეთიდან ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობა?

ინდოელი ტურისტები

ინდოეთი საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიას ახალ ტურისტულ მიმართულებად აღიქვამს და დაინტერესება დიდია - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ Guide of Georgia-ს დამფუძნებელი ეკატერინე ჯიქიძე აცხადებს.

Guide of Georgia ერთ-ერთი იყო იმ 10 კომპანიიდან, ვინც ამ თვეში ინდოეთს სტუმრობდა და იქაურ ტუროპერატორებთან შეხვედრები გამართა.

ეკატერინე ჯიქიძე აღნიშნავს, ინდოელი ვიზიტორები, ევროპელებისგან განსხვავდებიან, ვიზიტის დასაჯავშნად ტურისტულ კომპანიებს იყენებენ, სწორედ ტურისტული კომპანიის ჩართულობით ჯავშნიან სასტუმროებს, ტრანსპორტს, ტურისტულ მარშრუტებს... ამიტომ ეს ბაზარი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.

„ინდოეთის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. როგორც მაგალითად, Booking.com-ის კვლევები აჩვენებს, 2030 წლისთვის ინდური ბაზარი იქნება მსოფლიოში მეოთხე მხარჯველუნარიანი ტურისტების მიხედვით, შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა. რაც შეეხება ვიზიტს, ძალიან წარმატებული იყო, საქართველოდან ვიყავით 10 კომპანია წარმოდგენილი, იყო გაფილტრული სეგმენტი, ორგანიზატორებს უკვე შერჩეული ჰყავდათ ადგილობრივი აგენტები, ვისაც უნდოდა საქართველოში ტურისტების გამოგზავნა. ძალიან დიდი დაინტერესება იყო და ველოდებით, რომ ეს დაინტერესება ტურისტების რაოდენობაში გადაიზრდება. მათთვის საქართველო და რეგიონიც არის ახალი აღმოჩენა, ამიტომ ითხოვენ გაერთიანებულ ტურებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან“, - ამბობს Guide of Georgia-ს დამფუძნებელი.

ეკატერინე ჯიქიძე აღნიშნავს, რომ ინდოელი ვიზიტორები ბრენდულ სასტუმროებს ითხოვენ - 4 ან 5-ვარსკვლავიანს და შესაბამის თანხასაც ხარჯავენ.

ვიზები ისევ გამოწვევაა

ინდოეთიდან ვიზიტორები უპირატესობას ჯგუფურ ტურებს ანიჭებენ. ეს კი, შესაძლებლობასთან ერთად გამოწვევაც არის. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რასაც შესაძლოა ინდოელი ვიზიტორები საქართველოში შეხვდნენ ვიზის მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ ელექტრონული ვიზის აღება და ამ კუთხით ვითარება გამოსწორდა, თუმცა ვიზაზე უარის თქმის შემთხვევები მაინც ხშირია.

ვიზების თემა აფერხებს ეს აფერხებს კონტაქტებს, იმიტომ რომ საუბარია დიდ ჯგუფებზე. ვიზების მიღება ხდება სისტემის მიხედვით, ანუ ინფორმაციას ამუშავებს სისტემა და სისტემა გასცემს ვიზას. შესაბამისად, ეს გვიქმნის პრობლემას, როცა იგეგმება მაგალითად, 50-100 კაციანი ჯგუფი და ნახევარს მისდის უარი.

სასტუმრო დაჯავშნილია, რესტორნები დაჯავშნილია, ავტობუსი, გიდი მომზადებულია და ამ დროს ჯგუფის წევრთა ნაწილს მისდის უარი, მათ უწევთ ამ ყველაფრის გაუქმება, მათთვისაც ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენც ტურისტებს ვკარგავთ. თუმცა, არის ისეთი სეგმენტიც, ვისაც ვიზაზე პრობლემა არ აქვს. ასეთები არიან ის პირები ვისაც აქვთ აშშ-ს, კანადის, იაპონიის და კიდევ 50 ქვეყნიდან რომელიმეს ვიზა, მათ აღარ სჭირდებათ ელექტრონული აპლიკაციის შევსება და უვიზოდ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში. ამიტომ ძირითადი აქცენტი ამ ეტაპზე კეთდება სწორედ ასეთ სეგმენტზე, რომ ვიზის პრობლემის გამო არ დავკარგოთ შემომსვლელი ტურისტი“, - განმარტავს ეკატერინე ჯიქიძე.

ინდოელ ვიზიტორებს ქართული ღვინო აინტერესებთ, თუმცა გასტრონომია ნაკლებად

ინდოელი ვიზიტორების მისაღებად საქართველოს მომსახურების კუთხით ცვლილებები სჭირდება და ეს ძირითადად გასტრონომიას უკავშირდება. მართალია სასტუმროს ღირებულება ყველა ეროვნების ტურისტისთვის ერთნაირია, თუმცა მათთვის მიმზიდველი არ არის ქართული სამზარეულო.

"მოთხოვნაა ინდური რესტორნები. მხოლოდ სპეციფიკურად ინდური საკვების მიღება სურთ. თბილისში უკვე არის ინდური რესტორნები, თუმცა რეგიონებში ცოტა გვიჭირს ამ მხრივ. ვცდილობთ, ტურისას რამდენიმე ქართული რესტორანიც ჩავსვათ ხოლმე, თუმცა ხშირად არ სურთ ტურში ქართული რესტორნის მომსახურება. ინდოეთში არის სპეციფიკური კვება, არიან ვეგეტარიანელები, "Jane food" -ის მიმდევრები ასეთ სეგმენტთან მუშაობა კიდევ უფრო რთულია. თუ გვინდა ინდოელ ტურისტებზე აქცენტი ამ მხრივ გვაქვს სამუშაო გვაქვს ქვეყანას, რომ შესაბამისი რესტორნები გვქონდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ჯიქიძე.

მისი თქმით, ხშირად დიდ ჯგუფებს საკუთარი შეფმზარეული ჩამოჰყავთ და სასტუმროსგან ადგილის გამოყოფას ითხოვენ. ამასთან, ქართული სამზარეულოსგან განსხვავებით ინდოელი ვიზიტორების დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ დიდია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საკვებზე უარს ამბობენ, ღვინო ძალიან აინტერესებთ. ყოველთვის გვაქვს ღვინის მარნის ტური, თავისი დეგუსტაციით. ხშირად ყიდულობენ და მიაქვთ ქართული ღვინო, განსაკუთრებით სახლში დამზადებული ღვინო იზიდავთ“, - ამბობს Guide of Georgia-ს დამფუძნებელი.

გვიღირს თუ არა ინდოეთის ბაზარზე მუშაობა?

Guide of Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს, ამ ვითარებაში ინდოეთის ბაზარზე მუშაობა ყველასთვის მოგებიანი იქნება.

„არ გვაქვს ამ ეტაპზე ასარჩევად საქმე, რომ ავირჩიოთ რაღაც კონკრეტული სეგმენტი და ვიმუშაოთ. ვისაც დააინტერესებს საქართველო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ყველას უნდა მოვემსახუროთ. დღეს ინდოეთის ბაზარზე მუშაობა მისაღებია ტუროპერატორისთვის და ქვეყნისთვისაც. ტურიზმში ხომ არ ვართ ჩართული მხოლოდ მე ან რომელიღაცა სასტუმროს მენეჯერი. ვიზიტორს სჭირდება სასტუმრო, ტრანსპორტირება, გიდი, ტურისტულ ღირსშესანიშნაობების, რესტორნების მომსახურება, მთელი ქსელია და ამიტომ ყველასთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ეკატერინე ჯიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები