მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ღვინო უნდა გამოვიდეს საბჭოთა მოჯადოებული წრიდან და რუსეთს თავი დააღწიოს“ - „ოდა“

63088f1056313
ალა ისპირიანი
26.08.22 15:15
2004
მიმდინარე წლის ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ისევ რუსეთი ლიდერობს. აღნიშნულ პერიოდში ოკუპანტ მეზობელზე ღვინის ექსპორტის 59.6% მოდის, რაც რიცხვებში $72.2 მილიონია.

საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, აღნიშნული თანხა არც ისე მარტივად დასათმობია, თუმცა ბიზნესის ნაწილი თვლის, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურობით ხასიათდება, რის გამოც ქართული ღვინის ექსპორტი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. საოჯახო მარან - „ოდაში“ მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან უნდა იყოს გაიგივებული და "რუსეთის ბაზარს თავი დააღწიოს".

აღნიშნული გამოწვევის გადაჭრის გზას, „ოდას“ დამფუძნებელი ქეთო ნინიძე საქართველოში მცირე მარნების განვითარებაში ხედავს.

„ჩვენი დიდი ძალისხმევაა, რომ ქართული ღვინო გამოვიდეს საბჭოთა მოჯადოებული წრიდან და რუსეთს ბაზართან გაიგივებული არ იყოს. მცირე მარნებმა ამ მხრივ საუკეთესო შედეგი დავდეთ. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ მოსაზრებას, რომ ქართული ღვინო თითქოს იაფფასიანია. რაოდენობრივად მეტი ღვინო გადის რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ნელ-ნელა მაინც აღწევს თავს რუსეთის ბაზარს.

მაგალითად მცირე მარნები საერთოდ აღარ არიან რუსეთს ბაზარზე დამოკიდებული. ქვეყანაში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ საქართველო, როგორც მცირე მარნების, ორგანული ღვინოების ქვეყანა რუკაზე ისე მოინიშნოს და არა, როგორც დაბალხარისხიანი რუსეთზე გათვლილი ღვინის ქვეყანა“, -ამბობს ნინიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულების განვითარებისთვის, აუცილებელია განათლების მიღება და ფინანსებზე მარტივი წვდომა.

„ჩვენს ქვეყანაში ღვინის სფეროში პროფესიული განათლების მიღება ძალიან მწირია. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ამ მიმართულებით სათანადო განათლება არ გვაქვს. მაგალითად სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე თუ ვისაუბრებთ, რთველის სუბსიდირების თანხა, რომ ყოფილიყო მიმართული მცირე მარნების განვითარებაში ადამიანების განათლებაზე და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებაზე საქართველოში უფრო მეტი მცირე მარანი იქნებოდა“, - აღნიშნავს „ოდას“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: საქართველოსთვის ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა პოლონეთი - 8.6 მლნ შემოსავლით, ხოლო მესამეზე ჩინეთი 8 მილიონით. ხუთეულში შედიან ყაზახეთი (5.13 მლნ) და უკრაინა (4.9 მლნ დოლარით). 27.7%-იანი ზრდაა აშშ-ის ბაზარზე, საიდანაც ღვინის ექსპორტის შემოსავალმა 3.143 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად განიხილავენ საქართველოში. სამიზნე მაჩვენებელია, რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები