ქართული საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge ექსპორტზე გავიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლაშა გაგოიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში" განაცხადა, დაინტერესებულ პირებს საცხენოსნო ტურების დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არამხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე ყირგიზეთშიც შეუძლიათ. ამასთან, სტარტაპი თურქეთში გასასვლელადაც ემზადება.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ შემთხვევაში დამაკავშირებელი რგოლი იქნება, რომელიც სერვისის ყველა დეტალს უზრუნველყოფს, ხოლო ადგილზე მომსახურებას, იქაური წარმომადგენელი გაუწევს.
„ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობდნენ, ხშირად ინტერესდებოდნენ თუ იქნებოდა სხვა ქვეყანაში საცხენოსნო ტურების შეთავაზება. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა შიდა ბაზარზე დიდია, გადავწყვიტეთ, რომ ისეთი ბაზრების მოძიება დაგვეწყო, სადაც საცხენოსნო ტურიზმი განვითარებულია. ასეთი ქვეყნები იყო ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი. ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აშშ. დავიწყეთ იქაური კონტაქტების მოძიება. პირველ რიგში, ყირგიზეთში იმიტომ გავედით, რომ ყველაზე აქტიური პარტნიორები შეგვხვდნენ და ჩვენს პლატფორმაზე მათი ტურები ატვირთეს.
ამ შემთხვევაში, პლატფორმა დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას შევითავსებთ. Horsetours.ge-ზე მომხმარებლები შეძლებენ, რომ დაუკავშირდნენ ტურების ორგანიზატორებს. ყველა დეტალს ჩვენ დავაორგანიზებთ, ხოლო ადგილზე მომსახურებას იქაური წარმომადგენელი გაუწევს. ისევე როგორც საქართველოში ვოპერირებთ.
თურქეთის შემთხვევაში, ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ისღა დარჩა, რომ ჩვენს პლატფორმაზე გამოჩნდეს მათი ტურები“, - აცხადებს გაგოიძე.
რაც შეეხება საქართველოს, კომპანიას თითქმის ყველა რეგიონი ათვისებული აქვს. ამ დროისათვის, კომპანიას 50-მდე პარტნიორი ჰყავს და უკვე 80-მდე საცხენოსნო ტურს აერთიანებს.
"გვაქვს საათობრივი, ერთდღიანი და მრავალდღიანი ტურები. ყველაზე მეტი მოთხოვნა ისეთ ტურებზე მოდის, რომლებიც თბილისთან ახლოსაა ან აქტიური ტურისტული მარშრუტებია, როგორიცაა ბორჯომი, სვანეთი, თუშეთი, ყაზბეგი და ა.შ.", - ამბობს ლაშა გაგოიძე.
Horsetours.ge-ის თანადამფუძნებლის თქმით, საათობრივი ან ერთდღიანი ტურებით ძირითადად არაბული ქვეყნებიდან, ან ისრაელიდან სარგებლობენ. ხოლო მრავალდღიანი ტურებით ძირითადად ევროპული ქვეყნების და აშშ-ის წარმომადგენლები ინტერესდებიან. სერვისი ღირებულება 50 ლარიდან იწყება და ფასი სერვისის ტიპზეა დამოკიდებული.
მისივე ინფორმაციით, წელს კომპანიამ 1000-მდე მომხმარებელს გაუწია მომსახურება, რაც გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი ზრდაა.
ინფორმაციისთვის, Horsetours.ge 2021 წელს დამფუძნებლების ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. მოგვიანებით, GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტით კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი გააციფრულა, შექმნა ციფრული ვიდეო მარშრუტები და სარეკლამო რგოლები. მოგვიანებით სტარტაპის თანადამფუძნებელი She’s Next, Empowered by Visa-ს 25 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა, რამაც კომპანიას განვითარებისა და დასავლეთ საქართველოს ათვისების რესურსები მისცა.