მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქართული კივი 5-6 წელიწადში აღარ იარსებებს“ - ასოციაცია

კივის პლანტაცია

საქართველოს კივის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დემური ფიფიას განცხადებით, ქართული კივის წარმოება სერიოზული საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი პროგნოზით, არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, 5-6 წელიწადში ქართული კივი შესაძლოა მთლიანად გაქრეს. ის აღნიშნავს, რომ კივის კულტურას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა, მაშინ როდესაც სექტორი ერთდროულად რამდენიმე პრობლემის წინაშე დგას. მთავარი გამოწვევა, მისი განმარტებით, ფესვთა სისტემის სიდამპლეა - დაავადება, რომელიც იტალიიდან გავრცელდა და კივის მცენარეებს აზიანებს.

„კივის გაუჩნდა ფესვთა სისტემის სიდამპლე, რომელიც ანადგურებს მცენარეს. შესაბამისი პრეპარატი არსებობს - წაბლის ორგანულ ნივთიერებაზე დაფუძნებული საშუალება, თუმცა მისი საქართველოში შემოტანა ვერ მოხერხდა, ლიცენზია არ გაიცა. შედეგად, დაავადების წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალება ამ ეტაპზე არ გვაქვს და პლანტაციები ხმება… მორჩა უკვე კივზე საუბარი, ქართული კივი აღარ იარსებებს. ამას დაახლოებით ერთი ხუთი-ექვსი წელიწადი დასჭირდება“, - აცხადებს ფიფია.

მისივე თქმით, პარალელურად იზრდება იმპორტი, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს დამატებით ზეწოლას უქმნის. ასოციაციის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ წინა წლებში ბაზარზე ირანული კივი ქართული ეტიკეტით იყიდებოდა, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას იწვევდა.

"იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი და მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რას ყიდულობს. ბაზარზე ხშირად გეუბნებიან, რომ კივი ქართულია - ზუგდიდის ან ჩხოროწყუსი, მაშინ როცა რეალურად იმპორტირებულია", - ამბობს ის.

ფიფიას შეფასებით, 2026 წელი შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს სექტორისთვის. მისი პროგნოზით, მომავალ წელს მოსავალი შესაძლოა მიმდინარე წლის ნახევარსაც ვერ მიაღწიოს, რაც საბოლოოდ წარმოების სრულ განადგურებამდე მიიყვანს დარგს.

“ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა, იაპონიიდან იყო მოთხოვნა... იაპონია დაახლოებით სამოცდაოთხი ათასს [კივს] მოიხმარს, თვითონ აწარმოებს 32 ათასს (იგულისხმება ტონა). და ეს ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვინ გააკეთებს მაგას?... სადაც ფული კეთდება, იქ არის ეს მთავრობა და ეს ჩინოვნიკები”, - თქვა ასოციაციის თავმჯდომარემ.

დემური ფიფია აღნიშნავს, რომ პრობლემებთან დაკავშირებით ასოციაციამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა მისი თქმით, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ექსპორტმა მხოლოდ 3 ათასი დოლარი და 50 კილოგრამი შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარში ექსპორტირებული იყო 39 ტონა კივი, 104 ათასი დოლარის ღირებულებით.

წლიურ ჭრილში, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 720-ჯერ შემცირდა, ხოლო ღირებულება – 97.1%-ით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში კივი მხოლოდ ერთ ბაზარზე – სომხეთში გაიყიდა.

იმპორტის შემთხვევაში, 2026 წლის იანვარში საქართველოში კივის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანაში 562 ტონა კივი შემოვიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 337 ათასი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარში იმპორტირებული იყო 245 ტონა კივი, 141 ათასი დოლარის ღირებულებით.

ამგვარად, წლიურ ჭრილში კივის იმპორტი ღირებულებით 139%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში - 129.3%-ით. მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის იანვარში კივის იმპორტი მთლიანად ერთი ქვეყნიდან - ირანიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები