ქართული კივის საექსპორტო ფასი გაიზარდა და ექსპორტიც რეკორდულ ნიშნულზეა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 105 260 აშშ დოლარის 39 ტონა კივი გავიტანეთ ექსპორტზე. გასულ წელს კი, ამავე პერიოდში კივის ექსპორტმა 93 220 აშშ დოლარის ღირებულების 45 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2024 წელს კივის ექსპორტმა 630 010 აშშ დოლარი და 270 ტონა შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მეტი - 937 680 აშშ დოლარი და 390 ტონა იყო.
ქართული კივის მთავარი საექსპორტო ბაზარი იაპონიაა. მიმდინარე წლის ორ თვეში თითქმის სრული ექსპორტი ამ ქვეყანაზე მოდიოდა (103 420 აშშ დოლარი), მცირე რაოდენობით - 1840 აშშ დოლარის კივი კი, სომხეთში გავიტანეთ.
გასულ წელსაც მთავარი ბაზრები იაპონია და სომხეთი იყო, თუმცა, 2024 წელს, მცირე რაოდენობით - 21 150 აშშ დოლარის ღირებულების 19 ტონა ქართული კივი რუსეთშიც გავიდა.
ცნობისთვის, კივი, საქართველოში მარტში ერთ-ერთ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა. აღნიშნული ხილი 2025 წლის მარტში 2024 წლის მარტთან შედარებით 52%-ით გაძვირდა.




























