კრაფტ ლუდის მწარმოებელი კომპანია Bayo Brewery წლის ბოლომდე პირველ ექსპორტს ფინეთსა და ლიეტუვაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
მისი თქმით, ეს იქნება მათ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მათი კრაფტ ლუდი ექსპორტზე გავა. მარუაშვილის განმარტებით, კომპანიამ წარმოება ბოლო 3 თვეა გააათმაგა, რის შემდეგაც ორი იმპორტიორი მათი პროდუქციით დაინტერესდა და ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესში არიან, რომ Bayo Brewery ექსპორტზე გავიდეს.
„ამ თვეში, ორ იმპორტიორთან გვაქვს მოლაპარაკება. მათ სურთ, ჩვენი ლუდი ფინეთსა და ლიეტუვაში შეიტანონ. ამ ეტაპზე მოცულობებზე ვსაუბრობთ და, სავარაუდოდ, გასაგზავნი პირველი პარტია ერთი პალეტი - დაახლოებით 2 000 ბოთლი იქნება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფინანსურ საკითხებზე“, - აცხადებს მარუაშვილი.
მისი შეფასებით, დიდი ალბათობით, კომპანიის პროდუქცია აღნიშნულ ბაზრებზე წლის ბოლომდე გავა: „მათი სურვილია, რომ ჩვენი ლუდი ამ ქვეყნებში მანამდე ჰქონდეთ წარმოდგენილი, სანამ საშობაო აქტივობები დაიწყება“, - ამბობს ის.
კომპანია ამ ეტაპზე, იმპორტიორებთან სხვადასხვა მოდელს განიხილავს: როგორც ყოველთვიური მცირე პარტიების წარმოებას, ისე დიდი მოცულობების შეკვეთას რამდენიმე თვეში ერთხელ.
„რა ფასად გაიყიდება ჩვენი ლუდი იმ ქვეყნებში, ეს უკვე იმპორტიორების პრეროგატივაა. თუმცა, ვიცით, რომ ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ HoReCa სექტორში უნდა განთავსდეს“, - განმარტავს Bayo Brewery-ის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, წელს ლუდის ექსპორტი შემცირებულია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე, 2025 წლის 10 თვეში, $5.6 მლნ-ის ღირებულების 4 696 730 ლიტრი ლუდი გაყიდა, მაშინ, როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში $7 მლნ-ის 5 875 040 ლიტრი ლუდი ჰქონდა გაყიდული.




























