მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მინერალური წყალი "კობი" ევროკავშირის ბაზარზე შედის

5e46ac4c5e878
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.20 10:00
4426
ევროკავშირის ბაზარზე ქართული მინერალური წყალი „კობის“ პირველი პარტიის ექსპორტი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში განხორციელდება, - ამის შესახებ BM.GE-ის ქართული წყლების კომპანია „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველ საექსპორტო ბაზარს ევროპაში ლიეტუვა წარმოადგენს და ეს იქნება სადემონსტრაციო პარტია.

"ჩვენი მინერალური წყალი ლიეტუვას Lidl-ის გერმანული მარკეტების ქსელში შევა.

პირველი გადატვირთვა დაახლოებით 150 000 ბოთლია და მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ ფილიალში იქნება წარმოდგენილი, სადაც განხორციელდება ე.წ. თაროს მონიტორინგი და ამ ეტაპის შემდეგ რეალური ციფრებით მათთან გენერალურ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი“, - განაცხადა „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც გიორგი ჯირკვალიძე ამბობს, ეს მათთვის ევროპის ბაზარზე გაშლის საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან Lidl-ის მაღაზიათა ქსელი საკმაოდ დიდი მოთამაშეა ევროკავშირის ბაზარზე.

„ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ გაგიცნოს როგორც უშუალო მომხმარებელმა ასევე ე.წ. რითეილ სექტორმა. როდესაც საერთაშორისო ქსელის მარკეტში ხარ წარმოდგენილი, ეს უკვე გარკვეულ სავაჭრო ბარიერებს ხსნის, რადგან ბაზარზე მსგავსი მოთამაშის ნდობა პროდუქტის მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს და სხვა კონკურენტებისთვისაც სასურველი პროდუქტი ხდები. მაგალითისთვის რამდენიმე დღის უკან უკვე გამოხატა დაინტერესება ევროპული Spar-ის ქსელმაც“, - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე.

კომპანიის გენდირექტორმა BM.GE-სთან ევროპის მიმართულებით საექსპორტო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიეტუვას შემდეგ „კობი“ პირველ ეტაპზე ლატვიისა და ესტონეთის ბაზრებზე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები