აშშ-ში მყოფი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე მზად არის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს კიდევ უფრო ღრმა და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები.
"მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მასში საქართველოს სტრატეგიულ როლზე. განხილვის თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხარაძის გარდა დელეგაციაში არიან: მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი.
აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ჯერჯერობით ამერიკული მხარისგან პასუხის მოლოდინის რეჟიმში არიან.
2026 წლის თებერვალში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის შემდეგ საქართველო, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე აშშ-ის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი იყო სამხრეთ კავკასიაში, ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს. ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როცა კავკასიაში ყოფნის მიუხედავად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში მოეწერა, თუმცა 2024 წლის ნოემბერში ამერიკამ ეს შეთანხმება შეაჩერა. მიზეზი დემოკრატიული უკუსვლა და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა იყო.




























