Georgian Sun, ანუ “ქართული მზე”, ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან, “ვაზისუბნის მამულის” ქვებრენდად გამოჩნდა. როგორც მისი გაყიდვების დირექტორი, გიორგი ოქროაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, კომპანია ამ სახელის ქვეშ ექსპერიმენტულ ღვინოებს აწარმოებს.
“მართალია, “ვაზისუბნის მამული” დაახლოებით 12-15 პოზიციას მოიცავს, როგორ ქვევრის ღვინოებს, ასევე, ე.წ. კლასიკურ ევროპულ ღვინოებსაც, Georgian Sun-ის ბრენდის ქვეშ გამოვუშვით ექსპერიმენტული ღვინოები, ბლენდები და კუპაჟები. მაგალითად, რქაწითელისა და მწვანის კუპაჟი, ასევე, საფერავისა და ალექსანდროული ბლენდი, ნახევრად მშრალი კახური მწვანე…
შემიძლია რქაწითელი-მწვანეს ბლენდი გამოვყო, რომელიც ერთ-ერთი TOP-გაყიდვადი პროდუქტია ჩვენს ბრენდში და სხვა პოზიციებთან შედარებით, დიდი რაოდენობითაც იყიდება და მომხმარებელს ძალიან მოსწონთ”, - ამბობს გიორგი ოქროაშვილი.
Georgian Sun-ის ღვინოებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზეც შეხვდებით. კომპანიას პროდუქცია ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-მდე ქვეყანაში გააქვს. როგორც ოქროაშვილი გვეუბნება, “ქართული მზის” სახელით უცხოეთში 50 000 ბოთლი იყიდება, ადგილობრივ ბაზარზე კი - 25 000.
“გვინდოდა, ადგილობრივ ბაზარზე Georgian Sun-ის ფასი უფრო დემოკრატიული ყოფილიყო. “ვაზისუბნის მამულის” შემთხვევაში, უფრო პრემიუმ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული და ფასიც შედარებით მაღალია, განსაკუთრებით ქვევრის ღვინოებზე. ამიტომ გვინდოდა, მომხმარებლისთვის იგივე ხარისხის ღვინო უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. გასაყიდი ფასი თაროებზე, დაახლოებით, 12-დან 20 ლარამდე მერყეობს.
ამავე დროს, ქართული ღვინის რეალიზებაში ბევრი გამოწვევაა. სარეალიზაციო ობიექტებთან, ქსელური მარკეტებთან მოლაპარაკებები ძალიან ჭირს. არ ვგულისხმობ კარგი ღვინის მაღაზიებს, ვგულისხმობ დიდ მარკეტებს, სადაც ქართულ წარმოებას ძალიან უჭირს, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი გადასახადები, ქეშბექები, მარკეტინგის გადასახადები, რის გამოც ბიზნესის კეთება აზრს კარგავს. მოლაპარაკებების პროცესში ვართ ახლა და, ფაქტობრივად, სრული მარჟა უნდა დავთმოთ, რომ რომელიმე ქსელში ვიყოთ, რაც ძალიან რთულია”, - აღნიშნავს გიორგი ოქროაშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას Georgian Sun-ის გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია ექსპორტის მიმართულებით ყოველწლიურად ვითარდება და სამომავლოდ ახალი ტიპის ექსპერიმენტული ღვინოების გამოშვებასაც გეგმავს.