„ქართული ოცნება“ მოქალაქეების „მოქრთამვის“ საჭიროებას ვეღარ ხედავს - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სიახლეს, რომლის თანახმადაც 2026 წლიდან სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება.
საქმე ის არის, რომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, მესამე ვარიანტში აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 21 მლნ 613 000 ლარამდეა შემცირებული, მაშინ როდესაც მეორე ვარიანტში 113 მლნ 300 000 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო წლევანდელ ბიუჯეტში „სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის“ დაფინანსება 112 მლნ 805 ათასი ლარი იყო.
ეკონომისტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა მეტწილად პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა.
„ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამაზე, რადგან ყველა შეფასებით ეს იყო არაეფექტური პროგრამა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო მოქალაქეების კეთილგანწყობის შენარჩუნება „ქართული ოცნების“ მიმართ და შესაბამისად, მნიშვნელოვანი არჩევნების წინ. ამ პროგრამის არსებობამ გარკვეული ტიპის პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მისი ეკონომიკური ეფექტი მინიმალური იყო და ფაქტობრივად გაფლანგული თანხა იყო ეს ბიუჯეტისთვის.
ვიტყოდი, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რადგან თუ სახელმწიფო ფლანგავს მოქალაქეების გადახდილ გადასახადებს, სასურველია ეს ფლანგვა ადრე თუ გვიან დასრულდეს და თუ ადრე დასრულდება, უკეთესია.
რატომ ხდება ეს, ორი ფაქტორია აქ - ერთი ესაა პოლიტიკური და მეორე - ფინანსური, ფისკალური. პოლიტიკური ფაქტორი არის ის, რომ აღარ არის საჭირო მოქალაქეების „მოქრთამვა“, როცა არჩევნები არ არის დაგეგმილი და შესაბამისად, საჭიროებას ვეღარ ხედავს „ქართული ოცნება“, რომ დაასაქმოს ეს 40 ათასამდე ადამიანი. მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი - სახელმწიფო ბიუჯეტში ფული გაჭირდა და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ აღარ სჭირდებათ თვეში დამატებით 300 ლარის გადახდა. თან მათი კეთილგანწყობის მიღების აღარ არის საჭიროება”, - განაცხადა ხიშტოვანმა.
BMG-ის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ „სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა“ არსებული ფორმით არ გაგრძელდება, მაგრამ როგორ სახეს მიიღებს, ჯერჯერობით, უცნობია.
2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300-ლარიანი პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში, სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. ამ დროისთვის, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 700 ათას ადამიანს აღემატება.




























