მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნება“ თავისივე გადაწყვეტილების დემონტაჟს აკეთებს - რა მოგვიტანა რუსულმა კანონმა?

დიმიტრი ცქიტიშვილი

„ქართული ოცნება“ თავისივე გადაწყვეტილების დემონტაჟს აკეთებს და ქვეყანა გადაჰყავთ არაკონსტიტუციურ ჩარჩოზე - ამის შესახებ "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარემ & ექს-დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა კანონმა ქვეყანას უკვე მოუტანა გაფუჭებული ურთიერთობები პარტნიორებთან, თუმცა კონკრეტულ შედეგებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან კიდევ უნდა ველოდოთ.

„კანონის შედეგებს კიდევ დავინახავთ აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ხელისუფლება დაიწყებს ჯარიმების გამოწერას ორგანიზაციების მიმართ და მათ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. აქ დავინახავთ რომ რუსულ რეალობაში გადავდივართ, რუსული რეალობა არ ნიშნავს, რომ მაშინვე რუსულად ლაპარაკს დავიწყებთ მაგრამ, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილება რომ რუსეთის მაგალითზე ვითარდება ამას ვხედავთ. ამ კანონის პირობებში ნულის ტოლია მოლაპარაკებების დაწყების რეალობა. მაღალია ალბათობა რომ უკან გადავდგათ ნაბიჯები და ის მიღწევები დავკარგოთ რაც ამ კანონის მიღებამდე გვქონდა. ამ პროცესს გააჩერებს ან ხელისუფლების ცვლილება ან შეჩერება ამ კანონის.

„ქართული ოცნება“ თავისივე გადაწყვეტილების დემონტაჟს აკეთებს და ქვეყანა გადაჰყავთ არაკონსტიტუციურ ჩარჩოზე“, - განაცხადა მან.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციებზე, რომელიც 9 დათქმას მოიცავს. დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ "რუსული კანონის" მიღების გამო, ევროკავშირის ქვეყნებს გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევთ.

„ეს 9 პუნქტი აწყობილი იყო იმ პერიოდზე, როდესაც საქართველო დემოკრატიულ პროცესში იყო და დღეს დემოკრატიის ფუნდამენტურ საკითხებში უკუსვლა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ევროპის ქვეყნები ვალდებულები არიან გადაიაზრონ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მათ მიიღეს, რადგან სხვა შემთხვევაში თავიანთ ამომრჩეველთან არიან პასუხისმგებელი. ასევე 10 ქვეყანაა კანდიდატი ქვეყანა, რომლებთანაც ასევე მკაცრი დამოკიდებულებებია და საქართველოზე თვალის დახუჭვა, ნიშნავს რომ სხვაგანაც თვალი დახუჭონ და მთლიანად სისტემა აირევა რაც არ მოხდება - ეს არ არის საბავშვო ბაღი ეს ძლიერად ინსტიტუციურად გამყარებული პროცესია და თუ კლუბში გინდა ამ კლუბის წესებით უნდა ითამაშო“, - განაცხადა მან.

ამასთან, დიმიტრი ცქიტიშვილმა პროპაგანდა უწოდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ EU-სთან მოლაპარაკების გახსნის შანსი „რუსული კანონის“ ინიციირებამდე იყო ნული, ახლა არის 20-30%“.

„მგონია, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი ვისაც მათი პროპაგანდის სჯერა, თუმცა ეს პროპაგანდის ინსტრუმენტები ძლიერია და მძლავრია დღესაც. ეს გზავნილი იმ ხალზეა გათვლილი, რომელიც მათი უშუალო მხარდამჭერია მაგრამ ასევე ცალსახად პროევროპული ამომრჩეველია „ქართული ოცნების“ და მათთვის სჭირდებათ ასეთი გზავნილების გაგზავნა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები