დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა, ვისაც შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება გააგრძელოს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
„გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, პრობლემები.
საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება თუნდაც ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური მიმართულებით; გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები; განხორციელდება ახალი პროექტები ტრამვაის, მეტროს სახით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























