„ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციური მთავრობა ცდილობს განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს საკუთარი მმართველობა, რითაც სრულად უგულებელყოფს ევროატლანტიკურ საგარეო კურსს.
ამის შესახებ 11 ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ" წერია. ანგარიში 2024 წლის 28 ნოემბერი 2025 წლის 28 თებერვლის პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლიდან საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის დამყარების გზაზე დგას. ამას გარდა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩაგდების კულმინაცია. ფართომასშტაბიანი, მათ შორის, პროცედურული დარღვევები, დამკვირვებელთათვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლებზე არასათანადო ზემოქმედება მიუთითებს მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე სისტემური მანიპულირების პრაქტიკაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრულად უგულებელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას. რეჟიმმა ფიზიკურად იძალადა და სისტემურად აწამა ასობით დემონსტრანტი ძალის ან უცნობი ქიმიური გამღიზიანებლების გამოყენებით, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესების გრძელვადიანი ეფექტები.
"საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სრულად არის მიტაცებული და არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ დარჩა, რომელიც წინ აღუდგება „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ მმართველობას. სასამართლო სისტემა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ფუნქციონირებს სრულად გაუმჭვირვალედ და, კანონის დარღვევით, რეგულარულად უგულებელყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ანტიკორუფციული ბიურო და ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებენ, როგორც პარტიული ინსტრუმენტები, რომლებიც ემსახურებიან მმართველი პარტიის ინტერესებს და არა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობას აგრძელებენ", - წერია ანგარიშში.
ანგარიშზე ასევე მოხვდა მედიაზე ზეწოლის ფაქტები. მედიის მიმართ ძალადობა სისტემატურად იყო წაქეზებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, რამაც გამოიწვია მტრული და პოლარიზებული გარემო, ასევე მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სრული დაუსჯელობა. ანგარიშში დოკუმენტირებულია 108 შემთხვევა.
სამართალდამცავები არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, არამედ მიზანმიმართულად, სასტიკად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ მათ. სწორედ მედია და მათი აღჭურვილობა იქცა აგრესიის სამიზნედ, ვინაიდან ისინი იღებდნენ და აშუქებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს.
გამოვლინდა ჟურნალისტების ცემის, გინების, მუქარის, შევიწროების, სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების, 26 აღჭურვილობის დაზიანების და ჩამორთმევის, 27 დაკავების, პატიმრობის შეფარდების, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემთხვევები. 28 სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კრიტიკული ონლაინ მედიის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაკავება და დევნა 2023 წლიდან ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა. 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო 1600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ.
აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა. ძალადობის მსხვერპლებს, როგორც წესი, ჩხრეკდნენ და პირად ნივთებს ართმევდნენ, რომელთა დიდი ნაწილი მათთვის არ დაუბრუნებიათ. ორგანიზაციების მიერ გამოკითხული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალების მიერ ნივთების მოპარვით/წართმევით გამოწვეული ზიანის საერთო ოდენობა, ჯამში, სულ მცირე, 253 470 ლარია.
სასამართლოები, როგორც წესი, უსჯიან მათ ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას. დეკემბერსა და თებერვალში დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გამოყენებულ ნორმათა სანქციები. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა გაოთხმაგდა და 15-ის ნაცვლად, 60 დღე დადგინდა, საგრძნობლად გაიზარდა ჯარიმებიც - ზოგიერთი ათჯერაც. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 2 მლნ ლარს აღწევს.
11 ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებიც მოხვდა. გასული წლის დეკემბრის ბოლოდან საჯარო დაწესებულებებში დაიწყო დასაქმებულთა გათავისუფლების მასშტაბური პროცესი. საკადრო გადაწყვეტილებები, მეტწილად, მიიღეს იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ ღიად გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად შეიცავს პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს.
გათავისუფლების ტალღა ასობით საჯარო მოსამსახურეს შეეხო, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ შემდეგ უწყებებში:
- პარლამენტი
- თბილისის მერია
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
- მთავრობის ადმინისტრაცია
- თავდაცვის სამინისტრო
- ცენტრალური საარჩევნო კომისია
- ცენტრალური და ადგილობრივი საბიუჯეტო დაწესებულებები.
"საჯარო მოსამსახურეებს ათავისუფლებენ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორებიცაა, მაგალითად, რეორგანიზაცია, დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების ვადის გასვლა, თუმცა რეალური მიზეზი, აშკარად, პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო მათი დევნაა. ზოგ შემთხვევაში, გათავისუფლება საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობასაც უკავშირდებოდა", - წერია ანგარიშში.
ორგანიზაციების განცხადებით, ვინაიდან საქართველო მზარდი ავტორიტარული ტენდენციების წინაშე დგას, საერთაშორისო აქტორებისთვის აუცილებელია ამ გამოწვევების სწრაფად გადაჭრა, რათა დაიცვან საქართველოს დემოკრატიის მომავალი განსაკუთრებით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები ყოველდღიურად წარადგენენ ახალ კანონპროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფლებას.
ანგარიშზე სახელწოდებით "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ" შემდეგმა ორგანიზაციებმა იმუშავეს:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
- უფლებები საქართველო (RG);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი (WISG);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);




























