მთავრობაში მიმდინარე კვირა მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 28 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში შეიცვალა კულტურის მინისტრი, დაანონსდა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაკეთდა ახალი დანიშვნები, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
პირველი ცვლილება 28 ივლისს განხორციელდა, როდესაც კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. მაშინ რუხაძემ დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაუდებელი მკურნალობის საჭიროება გახდა. მეორე დღეს, 29 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემაც. სხვა მოადგილეები კი, პოსტებზე რჩებიან.
კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, რომელიც კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ იმავე დღეს დაინიშნა.
ამავე საღამოს, 29 ივლისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა წარადგინა. მისი მიხედვით, მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ პოსტზე წარადგინეს, რომელსაც ვიცე-პრემიერის სტატუსი ისევ ექნება.
ამასთან, გამოცხადდა, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადავა. მთავრობის განმარტებით, სამინისტროს ფუნქციები სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირდება.
30 ივლისს, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, მამუკა მდინარაძე ოფიციალურად რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა. ის ამ პოსტზე კახა გულედანს შეცვლის და სექტემბრიდან სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის აპარატად ტრანსფორმაციის პროცესს უხელმძღვანელებს.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოსაც გავრცელდა. BMG-ის რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა 24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვებს უკავშირდება, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაადასტურა.

























