მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო მომავალში მთავრობაში არსებით [საკადრო] ცვლილებებს არ ველოდები... დასანიშნია კულტურის მინისტრი - კობახიძე

მთავრობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ახლო მომავალში არსებით საკადრო ცვლილებებს არ ელოდება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა განმარტა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა არგუმენტებსა და პოზიციებს დაეფუძნა.

„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე“, - განაცხადა მან.

კობახიძე ირწმუნება, რომ ბოლო დროს გახშირებული საკადრო ცვლილებები ჯანსაღი პროცესია.

„ზოგადად, რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ. ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი. ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ ორ თანამდებობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებაზეც და მიზეზად, "გეკა გელაძის პირადი მიზეზები" დაასახელა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კულტურის მინისტრის ვინაობაც, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დასანიშნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები