"ქართული ოცნების" მხრიდან ავტორიტარიზმისკენ სვლას ვხედავდი, რაც პრორუსულობას ნიშნავს, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა განაცხადა. როგორც თეა კატუკიამ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე არსებული გარემოებები მთავრობამ საბოლოოდ გააერთიანა.
"იყო [პრორუსულობის] რაღაც ნიშნები, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ტენდენცია არ ყოფილა, რადგან ჩვენს კოლეგებთან ევროპული მისწრაფებების დავალებებით შევდიოდით. ოფიციალურ შეხვედრებშიც ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით რას ვხედავდი, იცით? ავტორიტარიზმისკენ სვლას. ბევრი ფაქტობრივი გარემოება იყო, ამ გარემოებების ერთობლიობა უკვე შეკრულია", - განაცხადა თეა კატუკიამ.
კითხვას, ავტორიტარიზმისკენ სვლა კი ავტომატურად პრორუსულობას ნიშნავს თუ არა, ყოფილმა ელჩმა უპასუხა:
"რა თქმა უნდა. დემოკრატიულ პროცესებთან უკვე არანაირი საერთო აღარ გვინდა. რატომ ამოიღეს სამიზნედ სამოქალაქო საზოგადოება? რომელი ინსტიტუტი დარჩა, რომელიც დამოუკიდებელია? ცესკო, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, მონაცემთა დაცვის სამსახური, სასამართლო - ესენი ხომ მიკერძოებული სტრუქტურები გახდა? სამოქალაქო საზოგადოება იყო ერთადერთი დარჩენილი სექტორი, რომელიც დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა. ისინი აჭერდნენ ხელს მთავრობას, დისკომფორტს უქმნიდნენ, ამიტომ გახდა მთავრობისთვის ისინი სამიზნე", - აღნიშნა მან.
საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია თანამდებობიდან 2022 წლის თებერვალში გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. მაშინ მან მიზეზად ზეწოლა დაასახელა.