სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა - ასე აფასებენ მმართველ პარტიაში აშშ-ის მიერ სავიზო სანქციების იმ პირებზე დაწესებას, რომლებიც „რუსული კანონის“ მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ენტონი ბლინკენს პასუხობს და სანქციების ამ ფორმას „გამაოგნებელს“ უწოდებენ.
„სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარის პირით სლოვაკეთის პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი“, - ნათქვამია განცხადებაში.